აქციები, საერთაშორისო ზეწოლა და ხელახალი არჩევნები - პროტესტის მე-12 დღეს, ოპოზიცია ამ სამი მექანიზმის გააქტიურებაზე და საჭიროებაზე საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტების სამოქმედო გეგმაც სწორედ ეს არის. ბარიერგადალახულ ოპოზიციაში ამბობენ, რომ გამარჯვების ფორმულა ქუჩის აქციებზე გადის, ამ პროცესში კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, მათი თქმით, საერთო მიზანი და ერთობლივი ქმედებებია.
ხელახალი არჩევნებისა და საერთაშორისო ზეწოლის გეგმას ემხრობა გიორგი გახარიას პარტიაც, თუმცა, გახარია საქართველოსთვის წევრები კიდევ ერთ საკითხზე საუბრობენ. მათი თქმით, გეგმის ნაწილი უნდა იყოს დაკავებული პირების გათავისუფლებაც. პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ "ქართულ ოცნებაზე" წნეხი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ უნდა გაძლიერდეს.
ოპოზიციის განცხადებები, მმართველი პარტიის თქმით, ადასტურებს ერთს - რომ მათ ოპონენტებს ქვეყანაში მხოლოდ არეულობის მოწყობა სურთ. "ქართულ ოცნებაში" დღეს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ოპოზიცია არა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ უცხოური ძალების დავალებით მოქმედებს. სახელისუფლებო პარტია ოპონენტებს ურჩევს, მათი ნებისმიერი ქმედება კანონის ჩარჩოს არ გასცდეს.
დედაქალაქში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს, აქციის მონაწილეები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.