უკრაინა რუსეთში 1 000 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს, – ამის შესახებ ქვეყნის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის მონაცემებით, ომში ინიციატივა უკრაინის მხარეს გადავიდა. რუსული მხარის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის, უკრაინელები რუსეთში კურსკის ოლქში 28 სოფელს აკონტროლებენ, ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე 12 კილომეტრის სიღრმეში და 40 კილომეტრის რადიუსზე არიან გამაგრებულნი.
ვლადიმერ პუტინმა, მთავრობის შეხვედრაზე, მთავარ ამოცანად უკრაინული ძალების ქვეყნიდან განდევნა დაასახელა.
უკრაინელების წინსვლას შტატებშიც გამოეხმაურნენ - თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა თქვა, რომ, თუ პუტინს შექმნილ ვითარებაში რაიმე არ მოსწონს, შეუძლია, უკრაინიდან გავიდეს. ჯონ კირბიმ დასძინა, რომ ერთადერთი, ვინც უკრაინასთან ომს აწარმოებს, ეს თავად რუსეთია.
უკრაინის პრეზიდენტმა, გენერალური შტაბის შეხვედრაზე, უკრაინის არმიის რუსეთში მიმდინარე ოპერაცია განიხილა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ, 24 წლის წინ, კურსკის წყალქვეშა ნავის ჩაძირვა პუტინის მმართველობის დასაწყისი იყო, ახლა კი კურსკი პუტინის მმართველობის დასასრულია.
კურსკის ოლქში შეტაკებები არ წყდება. კონფლიქტის ზონა უკვე დატოვა 100 ათასზე მეტმა ადამიანმა. რუსეთის სამ ოლქში "ანტიტერორისტული რეჟიმია" ამოქმედებული.