ომი გრძელდება უკრაინაში - "დიფ სთეითის" მიერ გავრცელებული ცნობით, რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქში სოფელი ტიმოფეევკა დაიკავეს და რეგიონში საკუთარი პოზიციების რამდენიმე სამხედრო მიმართულებით წინ წაწევა შეძლეს. რუსეთის ჯარის წინსვლა, ასევე, რეგიონში მდებარე 6 სოფლის მიმართულებით შეინიშნება. ფრონტის ხაზზე შეტაკებები არ წყდება - ღამით 43 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ყველაზე ცხელ მიმართულებად პოკროვსკი რჩება.
რუსეთი უკრაინის მეორე სამშვიდობო სამიტში უნდა მონაწილეობდეს, - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ მედიასთან საუბრისას განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ამას დიდი ქვეყნების ლიდერების უმრავლესობა ითხოვს.
შვეიცარიაში გამართულ პირველ სამშვიდობო სამიტზე უკრაინამ საერთაშორისო საზოგადოებას სამშვიდობო გეგმა წარუდგინა, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის დეოკუპაციას, ომის დამნაშავეების დასჯასა და რეპარაციების გადახდას ითვალისწინებს.
აგრესორი სახელმწიფო აცხადებს, რომ ცეცხლს არ შეწყვეტს, ვიდრე უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან ჯარს არ გაიყვანს.