ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის დაკავებას ოჯახის ადვოკატი ეხმაურება. მალხაზ სალაყაია ამბობს, რომ ქვეყნებს შორის შესაბამისი მოლაპარაკების შემდეგ, ძებნილი პირი დაინტერესებულ მხარეს გადაეცემა.
"სამართლებრივი პროცედურა, რომელიც უნდა განხორციელდეს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, გახლავთ ის, რომ ქვეყანა, რომელმაც შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება, რასაც ძებნილი პირის დაკავება ჰქვია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ჰქვია, სწორედ რომ მოხდება ქვეყნებს შორის შესაბამისი მოლაპარაკება, რომლის შესაბამისი იუსტიციის მინისტრები მოაწერენ ხელს აღნიშნულთან დაკავშირებით და ძებნილი პირი გადაეცემა დაინტერესებულ მხარეს," - აცხადებს მალხაზ სალაყაია.
მისი ინფორმაციით, პირი თურქეთის ტერიტორიაზე, თურქმა სამართალდამცველებმა დააკავეს. გენერალური პროკურორის თქმით, დაკავებული უშუალოდ მკვლელობის შემსრულებელია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამართლებრივი პროცედურები და მისი საქართველოს ტერიტორიაზე ექსტრადირება მოხდება.
ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი თბილისში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან 2015 წლის 28 მარტს მოკლეს.