ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს, დონორის მხარდაჭერით ახალი სამსახურებრივი ძაღლები შეემატნენ.
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, სამსახურებრივი ძაღლები საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში იქნა შეძენილი.
პროექტის დონორია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაცია - Vital Strategies. აღნიშნული პროექტის მიზანია ჯანმოს თამბაქოს კონტროლის შესახებ ჩარჩო კონვენციით განსაზღვრული ამოცანების მიღწევა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რაც ეტაპობრივად შეამცირებს თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელს და მეორადი მოწევის მავნე გავლენას.
თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო სამსახურის დახმარებით, თამბაქოს ნაწარმის აღმოჩენაზე გაწვრთნილი 4 სამსახურებრივი ძაღლი საბაჟო დეპარტამენტმა თურქული კომპანია FlyDog-სგან შეიძინა. ახალი ოთხფეხა მცველები საქართველოს მასშტაბით, კონტრაბანდის მაღალი რისკის მქონე საბაჟო კონტროლის ზონებში გადანაწილდებიან.