14 სექტემბერი 2026,   18:37
ვრცლად
გადაწყვეტილება მალე შევა ძალაში, ახლა ტექნიკური სამუშაოები მიდის - ჩვენს მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ, ყოველგვარი ბარიერის გარეშე იმოგზაურონ ჩინეთში - ლევან დავითაშვილი

"გადაწყვეტილება ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მალე შევა ძალაში, ახლა მიდის ტექნიკური სამუშაოები. რაც შეეხება უვიზო რეჟიმის ხანგრძლივობას, ეს არის 30 დღე უწყვეტად ერთი შესვლის განმავლობაში," - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას.

"ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, ეს არის გაგრძელება იმ თანამშრომლობის, რომელიც გაფორმდა გასულ წელს ჩინეთთან. შარშანვე იყო ამაზე საუბარი, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის 2024 წლიდან ყოფილიყო უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ჩინეთში, ასეც მოხდა. ეს გადაწყვეტილება მალე შევა ძალაში, ახლა მიდის ტექნიკური სამუშაოები, შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, ყოველგვარი ბარიერის გარეშე, იმოგზაურონ ჩინეთში და ბუნებრივია, ეს ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირებს ნამდვილად შეუწყობს ხელს.

პირველ რიგში, ეს იქნება სავაჭრო- ეკონომიკური კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ იცით, რომ ჩინეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორია საქართველოსი, ჩვენი ქვეყნის ძალიან ბევრი მოქალაქე ეკონომიკური ურთიერთობებისთვის ჩინეთში მიემგზავრებოდა, მაგრამ ეს არ იყო ასეთი მარტივი. ვფიქრობ, რომ უვიზო მიმოსვლა ამ პროცეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს და გაამარტივებს და საქართველოდანაც მეტი ვიზიტორი იქნება ჩინეთში.

ეს, ასევე, კავშირშია, მათ შორის, ავიამიმოსვლის კიდევ უფრო წახალისებასთან. ჩვენ სულ ვსაუბრობდით ჩინეთის სხვადასხვა ავიაკომპანიასთან იმაზე, რომ მეტი პირდაპირი ფრენა იყოს ჩინეთის სხვადასხვა ქალაქს შორის. მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია რეალური მნიშვნელოვანი რაოდენობის გენერირება ტურიზმის სექტორში და მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ ამან შეიძლება შეიტანოს. აქედან გამომდინარე, ეს ამ კუთხითაც წამახალისებელი იქნება. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ეს დინამიკა, რომელიც ჩინეთთან გვაქვს, მიმდინარე წელს კიდევ უფრო გააქტიურდება და შემდეგ წლებში პრაქტიკულ ეკონომიკურ შედეგებსაც მოგვიტანს გარდა იმისა, რომ კულტურული და ხალხთაშორის ურთიერთობის თვალსაზრისითაც, მიმოსვლა ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება უვიზო რეჟიმის ხანგრძლივობას, ეს არის 30 დღე უწყვეტად ერთი შესვლის განმავლობაში და ეს არის იგივე რეჟიმი, როგორიც ჩვენ გვაქვს ჩინეთის მოქალაქეებისთვის დაწესებული," - განაცხადა დავითაშვილმა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დღის ამბები