ფაშიზმზე გამარჯვებიდან 78 წელი შესრულდა - მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასამდე ადამიანი წავიდა, თითქმის ნახევარი კი სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა.
ახლა საქართველოში 114 ვეტერანია, მათი ნაწილი დღეს კიკვიძის პარკში იკრიბება. ადგილზე მიდიან პოლიტიკოსები და ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები.
კიკვიძის პარკში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეს წუთია მოვიდა. ის თბილისის მერთან კახი კალაძესთან ერთად მოვიდა. ადგილზე იმყოფებიან ასევე მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებიც.
პრემიერმა ცოტა ხნის წინ მელიტონ ქანთარიას მემორიალი შეამკო გვირგვინით და ომის ვეტერანებს გაესაუბრა.
"ჩვენს სოფელში 32 ვაჟკაცი წაიყვანეს და იქიდან სულ დაბრუნდა 6 ადამიანი. დანარჩენი ყველა ამ ომში დაიღუპა. ომის შედეგები და ის ტკივილები დღემდე მოუშუშებელი არის საქართველოში თითოეული ოჯახისა და მათ შორის ჩემი ოჯახისთვის. პატივს მივაგებ დღეს იმ გმირებს, რომლებიც დაიღუპნენ და მოგვიტანეს მშვიდობიანი ზეცა და ასევე აღვნიშნავთ, რომ ომი დაუშვებელია და მშვიდობისათვის უნდა იბრძოლოს ყველა ადამიანმა," – აცხადებს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ვლადიმერ ტაბაღუა.