საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და „სს პროკრედიტ ბანკის“ თანამშრომლობით, გრძელდება პროექტი „წიგნის ბუდე“, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სკვერის ბიბლიოთეკის მოწყობას ითვალისწინებს. თითოეული წიგნის ბუდე ინდივიდუალურად იქმნება კონკრეტული ადგილისთვის და რეგიონისთვის სახასიათო იერსახეს ატარებს.
ამჯერად სოციალური პროექტი საქართველოს ორ დიდ ქალაქს - ფოთსა და ქუთაისს ეწვია.
ფოთში დამონტაჟებული ბუდე ნიკო ნიკოლაძის კოშკის იდეას იმეორეს, ხოლო ქუთაისის მოძრავი ბიბილიოთეკა გელათის აკადემიას უკავშირდება.

პროექტის იდეა შემდეგია: ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეარჩიოს მისთვის სასურველი წიგნი, წაიკითხოს, ან თუნდაც სახლში წაიღოს, შემდეგ კი, დააბრუნოს ან ადგილზე ახალი წიგნი მიიტანოს, რათა სხვამაც შეძლოს სასურველი წიგნის წაკითხვა.
პროექტის მთავარი მიზანი წიგნიერების გავრცელება და განათლების მეტად ხელმისაწვდომობაა. „ბუდეში“ განთავსებულია როგორც ქართული, ასევე უცხოური ლიტერატურა.

ქალაქებში, „წიგნის ბუდის“ გახსნის პარალელურად, ადგილზე გამოფენა მოეწყო, რომელიც ასახავს გერმანელების მიერ შეტანილ წვლილს საქართველოს კულტურულ, სამეცნიერო და ეკონომიკურ განვითარებაში.
ღონისძიების მსვლელობისას დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ და ბლოგერმა, გოგა ჩანადირმა.

„სს პროკრედიტ ბანკის“ მარკეტინგის განყოფილების კოორდინატორმა, თამარ ვაჩნაძემ აღნიშნა, რომ „სს პროკრედიტ ბანკი“ - საქართველოში 23-წლიანი მოღვაწეობის განმავლბაში - რეგულარულად უჭერს მხარს სოციალურ და მწვანე საკითხებზე ინიციარებულ ღონისძიებებს. მომავალ თაობაზე ზრუნვა, განათლება და წიგნიერების პოპულარიზაცია კი, გერმანული ბანკისთვის პრიორიტეტულია.
(R)