სამი ათწლეულის შემდეგ, "პრადას" 1996 წლის არქივიდან შერჩეული საკულტო სამოსი, კვლავ მილანის პოდიუმზე დაბრუნდა. ამჯერად ის კეროლინ მერფის ნაცვლად, მატილდა გვარლიანმა მოირგო.
წარსულისა და აწმყოს ეს შეხვედრა კი მილანის მოდის კვირეულის ერთ-ერთ მთავარ ტენდენციასაც აჩვენებს - მოდის სახლები საკუთარ არქივებს უბრუნდებიან და წლების წინ შექმნილ ნამუშევრებს პოდიუმებზე ახალი სიცოცხლით აბრუნებენ.
დრო შეიცვალა, შეიცვალა მისი მფლობელიც, თუმცა სამოსმა აქტუალობა არ დაკარგა.
"პრადას" 90-იანი წლების კოლექცია უჩვეულო ფერებსა და ერთმანეთთან თითქოს შეუთავსებელ პრინტებს აერთიანებდა და მოდაში დამკვიდრებულ ტრადიციულ წარმოდგენებს ახალ გამოწვევას სთავაზობდა. წარსულის ტენდენციებით შთაგონებული ჩვენება მილანში ვოგი ვორდის შოუს გახსნაზე შედგა.
მოდა, მუსიკა, კინო, ცეკვა და თანამედროვე ტექნოლოგიები - შოუ, რომელმაც მილანის მოდის კვირეული გახნა, ბოლო დღეებია, მსოფლიო განხილვის თემაა.
გრანდიოზული სანახაობა ვიტორიო ემანუელე მეორის გალერეაში გაიმართა. ის ხუთ ნაწილად დაიყო და ისტორიის სხვადასხვა ეტაპი წარმოადგინა - რენესანსიდან ინდუსტრიულ რევოლუციამდე და მომავლის ხედვამდე.
თუმცა ქართველი მოდელის გამოჩენა მოდის დედაქალაქში ამით არ დასრულებულა. მატილდა გვარლიანი პოდიუმზე სხვა დღეებშიც გამოჩნდა და ისეთი ბრენდების კოლექციები წარადგინა როგორიცაა, "ალბერტა ფერეტი" და "ატიკო."
მოდის დედაქალაქში მატილდასთან ერთად, კიდევ ერთი ქართველი ნასტასია ლეგრან ბაბლუანი იყო. ახალგაზრდა მოდელმა მილანის მოდის კვირეულზე ისეთი სახლები წარადგინა, როგორებიცაა "ფენდი," "მაქს მარა," "ეტრო" და "ატიკო." მოდის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი დღეს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და წარმატებული ახალი სახეა საერთაშორისო სამოდელო სივრცეში.
მილანის მოდის კვირეულში მსოფლიოს ცნობილი დიზაინერები და მოდის სახლები ახალი კოლექციებით მონაწილეობენ. მათ შორის იყო დემნა გვასალიაც, "გუჩის" კრეატიულმა ხელმძღვანელმა ახალ კოლექციაში აქცენტი მკაფიო სილუეტებზე, თავისუფალ პროპორციებსა და ძველის თანამედროვე ინტერპრეტაციაზე გააკეთა.
იმავე დღეს ვარსკვლავური აუდიტორიის წინაშე საკუთარი კოლექცია წარადგინა დავიდ კომამ. ქართველი დიზაინერების ტრიუმფი მილანში გალიბ გასანოვმა დაასრულა.
7-დღიანი მარათონის სტუმრები იყვნენ ჰოლივუდის ვარსკვლავები - განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრეს ჯენიფერ ლოპესმა, დაკოტა ჯონსონმა და ჰანტერ შაფერმა. ჯენიფერ ლოპესი Dolce & Gabbana-ს შავ კაბაში გამოჩნდა. წითელ ხალიჩაზე პოზირების შემდეგ მომღერალმა იმავე ლუქით პოდიუმზეც გაიარა.
ამ სეზონზე განსაკუთრებით საინტერესო "მოსჩინოს" ახალი ეტაპია - დიზაინერებმა ლორის მესინამ და სიმონე რიცომ ბრენდისთვის პირველი კოლექცია წარადგინეს და საკუთარ აუდიტორიას მომავალი წლის ტენდენციები გააცნეს. მილანის მოდის
კვირეული 22 სექტემბერს დაიწყო და დღეს დასრულდება.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი