საგამოძიებო ექსპერიმენტი ოთხ სხვადასხვა ადგილას ჩატარდა. პოლიცია გასასაღებლად გამზადებული მეთადონის კვალზე გავიდა. ნარკოტიკი სოფელ ნატანებში, საავტომობილო გზასთან ახლოს, სამალავებში იყო გადანაწილებული.
"კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულია ლიეტუვის მოქალაქე. საპოლიციო ღონისძიებამდე სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაცია მიიღეს, რომ 34 წლის მამაკაცი თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მეთადონის გასავრცელებლად მიდიოდა. ჩატარდა კომპლექსური და საგამოძიებო მოქმედებები. ნარკოდანაშაულის ფაქტი დადასტურდა.
უცხო ქვეყნის მოქალაქე თბილისში ცხოვრობდა. ბოჭორიშვილის ქუჩაზე ბინა ჰქონდა ნაქირავები. დაკავების პარალელურად, პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები მის სახლშიც ჩაატარა. მეზობლები "კურიერთან" იხსენებენ, რომ სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად სახლიდან დალუქული ნივთმტკიცებები გაიტანეს.
ბინიდან ნივთმტკიცების სახით ამოღებულია წებოვანი ლენტები, ელექტროსასწორი და ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მოწყობილობები.
ნარკოტიკის გავრცელების ფაქტი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა აღკვეთეს.
ლიეტუვის მოქალაქეს ბრალი წარდგენილი აქვს დანაშაულში, რომელიც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.