სახალხო დამცველის დახმარებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან, აქციაზე მყოფ მშობლებს პოლიეთილენის პარკების გამოყენების ნება მიეცათ. წვიმისგან დასაცავი საშუალებების გაშლის უფლებას მანამდე პოლიცია აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვთა დედებს არ აძლევდა.
საკითხი საქმეში ომბუდსმენის ჩარევის შემდეგ მოგვარდა. აქციაზე მისული ლევან იოსელიანის თქმით, ნებისმიერი ნივთი, რომელიც არ არის საფრთხის მატარებელი, შეიძლება გაიშალოს ადმინისტრაციული ორგანოს მახლობლად და ეს დემოკრატიული სტანდარტია.
"კარგია, რომ პოლიციამ მისცა საშუალება გამოიყენონ პოლიეთილენის პარკი და ამაღამ, წვიმის და ქარის შემთხვევაში დაიცვა თავი. უფრო მნიშვნელოვანია, ეს საკითხი გადაწყდეს მათი შვილების ინტერესებიდან გამომდინარე და მთავრობა გააგრძელოს მათთან კომუნიკაცია და დასრულდეს ეს ამბავი იმდაგვარად, რომ მშობლები იყვნენ კმაყოფილები და ბავშვების ინტერესები იყოს გათვალისწინებული," - აცხადებს ლევან იოსელიანი.