28 სექტემბერი 2026,   11:28
ვრცლად
იზრდება ქვეყნის მსყიდველუნარიანი ეკონომიკა, რაც მიუთითებს, რომ ქვეყანაში უნდა აღმოიფხვრას სიღარიბე და გაიზარდოს დასაქმება - მიხეილ დუნდუა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2022-2028 წლების განახლებული შეფასება და გრძელვადიანი პროგნოზები გამოაქვეყნა. საქართველო ოთხი მიმართულებით გავიდა მსოფლიოში მეორე და მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში პირველ ადგილზე. საქართველო ლიდერობს ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ-ს ზრდის ტემპის მიხედვით 2022-2028 წლებში მსოფლიოს 193 სახელმწიფოს შორის.

პროგნოზის მიხედვით, ამ წლებში, ერთ სულ მოსახლეზე, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 51 პროცენტით იზრდება. ამ მონაცემების მიხედვით, 2022 წლიდან საქართველოს მშპ მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, ერთ სულზე, აჭარბებს 20 243 დოლარს და კავკასიაში გასულია პირველ ადგილზე.

7 წლის განმავლობაში, საქართველოს მშპ, ერთ სულ მოსახლეზე, დოლარში წლიურად საშუალოდ ორნიშნა მაჩვენებლით, 12.4%-ით იზრდება. ამავე პროგნოზით, მომდევნო წლებშიც, ამ საშუალო ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, საქართველოს მშპ ერთ სულზე 2030 წელს გადააჭარბებს 14 000 აშშ დოლარს.

"იზრდება ქვეყნის მსყიდველუნარიანი ეკონომიკა, იზრდება ქვეყნის ეკონომიკა როგორც რეალურ გამოხატულებაში, ისე ამერიკულ დოლარში და ეს მიუთითებს, რომ ქვეყანაში უნდა შემცირდეს სიღარიბე და უნდა აღმოიფხვრას სიღარიბე, უნდა გაიზარდოს დასაქმება, შემცირდეს უმუშევრობა, უნდა გაიზარდოს მოქალაქეების შემოსავლები და რეალური შემოსავლების ზრდა, მსყიდველუნარიანი შემოსავლების ზრდა არის კეთილდღეობის გარანტი.

ჩვენ ვდგავართ ისეთ ეტაპზე, როდესაც უნდა დავტოვოთ საშუალო შემოსავლიანი ქვეყნის სტატუსი და გადავიდეთ მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსში.

ასე რომ, მოსახლეობაზე ბუნებრივია პირდაპირ ჰპოვებს ასახვას კეთილდღეობის ასეთი გაუმჯობესება. თანაც, ამას ამბობს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ყველაზე მთავარი მეტრი ეკონომიკური ზრდის შეფასებისა," - აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა.

დღის ამბები