08 ივნისი 2023,   01:36
ვრცლად
პროკურატურამ აქციების დროს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფის და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფის და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 7 მარტს დაახლოებით 23:15 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილი". აღნიშნულის შედეგად, შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა სხვადასხვა სახის დამწვრობა მიიღეს, რომლებიც მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ღამის საათებში გ.ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ "ტოიოტა კოროლას" მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

სამართალდამცავებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 29 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები