სერიული ძარცვა, ქურდობა და ყაჩაღობა - პოლონეთის დედაქალაქში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. დაჯგუფების წევრებს შორის სამი მამაკაცი და ერთი ქალია. დანაშაულის კვალზე კი პოლიცია სათვალთვალო კამერის ჩანაწერების გაშიფვრის შემდეგ გავიდა. კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ ძარცვავს ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდას საქართველოს 31 წლის მოქალაქე.
ვარშავის პოლიცია აქვეყნებს სქემასაც, რომლითაც დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები მოქმედებდნენ. ოთხივე ბრალდებულს როლები წინასწარ ჰქონდათ გადანაწილებული. ერთი ძარცვავდა, მეორე ავტომობილს მართავდა, მესამე დაზვერვით საქმიანობას ეწეოდა, მეოთხეს კი მსხვერპლის ყურადღების გადატანა ევალებოდა. პოლონეთის პოლიცია დაკავებულთა ვინაობას ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს, თუმცა "კურიერმა" მათ შესახებ დეტალები ექსკლუზიურად მაინც გაარკვია.
მძარცველი, რომლის ფარული კადრები ვარშავის პოლიციამ გაავრცელა, 31 წლის რაჰიფ მამედოვია. ის პოლონეთში წასვლამდე რუსთავში ცხოვრობდა, თუმცა "კურიერს" ადგილობრივებმა უთხრეს, რომ მამედოვებმა ბინა გაყიდეს და დიდი ხანია აღარ გამოჩენილან. ქვემო ქართლიდან არიან მამედოვთან ერთად ვარშავაში დაკავებული სხვა პირებიც, მათ შორის ერთ-ერთი 46 წლის ქალი, სევინჯ მუსაევაა. დაკავებულთა ახლობლებს მომხდარის შესახებ კამერების წინ საუბარი არ სურთ.
ვარშავაში ქურდობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს ოთხი მოქალაქე უკვე წინასწარ პატიმრობაშია. პოლონელი სამართალდამცველების ინფორმაციით, ოთხკაციანი დაჯგუფება პოლონეთის დედაქალაქში ძარცვის, ქურდობისა და ყაჩაღობის არაერთ ეპიზოდშია მხილებული. დაკავების შესახებ ინფორმაცია ვარშავის პოლიციამ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
ვარშავაში პოლიციის მიერ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს ხუთიდან ათ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. სასამართლოში საქმის განხილვა, სავარაუდოდ, იანვარში დაიწყება.