დიდუბეში, გორის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, სავარაუდოდ ერთი პირია დაკავებული. "კურიერმა" გაარკვია, რომ სპეციალური ოპერატიული ღონისძიება სუს-მა ჩაატარა.
თვითმხილველების ინფორმაციით, იყო ხმაურიც. ადგილობრივების განცხადებით, სახლი, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, გაქირავებული იყო. ისინი ამბობენ, რომ ოჯახი საცხოვრებელ სახლში ახალი გადასულია და არ იციან, რას საქმიანობდა დაკავებულ 40 წლის მამაკაცი.
"კურიერი" დაკავებული მამაკაცის მეუღლეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ფერეიდნელი ქართველები არიან, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში ბოლო 20 წელია ცხოვრობენ. მისივე თქმით, მეუღლე თარჯიმანი იყო.
"ეჭვმიტანილები ხართ იარაღის უკანონო შენახვაზე და ასაფეთქებელ ნივთიერებაზე. 3-4 საათის შემდეგ ჩხრეკა რომ ჩატარდა, იარაღი ამოიღეს, მე უკვე ცალკე ოთახში გამომიყვანეს, ჩემი მეუღლე დაჰყავდათ თან. ამოიღეს ტანსაცმლის კარადიდან, სადაც მე დილით კურტკა ავიღე და ჩავიცვი. სახლში მაქვს სეიფი, მაშინ სეიფში უნდა შემენახა ხომ?" - ამბობს დაკავებული მამაკაცის მეუღლე.
სპეცოპერაცია წუხელ დიდუბეში, გორის ქუჩაზე ჩატარდა. დაკავებული მამაკაცი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული და სავარაუდოდ, მას დღის ბოლოს ბრალს წარუდგენენ.