ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი "ნიუს ჰოსპიტალსში" იმყოფებოდა, სადაც ვაკის პარკში შადრევანში დენის დარტყმისას დაშავებული ბავშვი მოინახულა.
ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა, რომელმაც გუშინ მძიმე დაზიანებები მიიღო. რაც შეეხება მეორე მოზარდს ის თავს კარგად გრძნობს და კლინიკიდან მალე გაწერენ.
"ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა გუშინ. ვუსამძიმრებ პატარა ანგელოზის ოჯახს და სრულიად საქართველოს. რაც შეეხება ლაზარეს მდგომარეობას, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია გუშინდელის შემდეგ. ძალიან დიდი იმედებით გამოვედი კლინიკიდან. დიდხანს ვისაუბრე ექიმთან, რეანიმატოლოგთან, ასევე ოჯახის წევრებსაც ვესაუბრე. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ის დატოვებს კლინიკას. ჩვენი მხრიდან რაც არის საჭირო, ყველაფრისთვის მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ. რაც შეეხება მესამე ბავშვს ანდრიას, ის შეიძლება, ერთი საათის განმავლობაში გაეწეროს იაშვილის კლინიკიდან და თავს კარგად გრძნობს," - განაცხადა მინისტრმა
ზურაბ აზარაშვილის თქმით, გუშინ მომხდარ სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობასა თავადაც გრძნობს.
ფაქტი ძალიან სამწუხაროა და პასუხისმგებლობას ამაზე მეც ვგრძნობ. ასეთ ფაქტი არ უნდა მომხდარიყო, - აღნიშნაა ზურაბ აზარაშვილმა.
ავტორი: სანდრო სანაია