ვლადიმერ პუტინის მიერ რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას რუსებმა გაქცევით უპასუხეს, რასაც საქართველო-რუსეთის საზღვარზე მრავალკილომეტრიანი საცობი მოყვა. საბოლოოდ, საქართველოში შემომსვლელი რუსების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო - ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების განმარტებითვე, ბოლო დღეეებში შეფერხებული სატრანზიტო ავტომიმოსვლაც სრულად აღდგა, რადგანაც, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ "დარიალში" სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების გატარება ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა.
რას გამოიწვევს რუსი მიგრანტების გაზრდილი მაჩვენებელი ქვეყანაში, ეკონომიკური კუთხით - ქართველი ეკონომისტების ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე ეს დადებითად აისახება. მაგალითად, "თიბისის" მთავარი ეკონომისტის შეფასებით, მიგრანტების შემოსვლას მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი არ ექნება, რადგანაც, ოთარ ნადარაიას განმარტებით, მიგრანტების ნაწილი ქვეყანაში გეოპოლიტიკური ვითარების დასტაბილურების შემდეგაც დარჩება, სწორი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში კი, საქართველოს შანსი აქვს, ეკონომიკური სარგებელი გრძელვადიან პერსპექტივაშიც გაზარდოს.
ექსპერტთა მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საქართველოში მიგრანტების შემოდინება ინფლაციისთვის დამატებითი წნეხი იქნება.