უკრაინელი მოხალისე-მედდა აზოვსტალიდან - ეკატერინე პოლიშჩუკი, ზედმეტსახელად "პტაშკა" ცოცხალია და ის რუსი ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება. ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.
ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც რუსულმა პროპაგანდისტულმა არხებმა მისი ვიდეო გამოაქვეყნეს. ვიდეოში პტაშკას "აზოვის" სნაიპერად მოიხსენიებენ, მიუხედავად მისი ნათქვამისა, რომ ის მარიუპოლის დამცველებთან მედდად მუშაობდა.
"მე არ წავსულვარ მზარეულად იმიტომ, რომ კარგად ვერ ვამზადებ, არც მსროლელად წავსულვარ, არც მეტყვიამფრქვევედ ან არტილერისტად, ვფიქრობდი, რომ ყველაზე დიდ სარგებელს მოვიტანდი როგორც ექიმი," - ამბობს ის.
მისი თქმით, მხოლოდ იმას ნანობს, რომ ერთ-ერთ ვიდეოში უხამსი სიტყვები გამოიყენა და ამის გამო დედის წინაშე რცხვენია.
"არჩევანი რომ მქონდეს, წავსულიყავი მარიუპოლში ისევ, მე წავიდოდი," - ამბობს აზოვსტალელი მედდა.
ეკატერინე პოლიშჩუკი პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც "აზოვსტალის" მიწისქვეშა თავშესაფრიდან მისი სიმღერის ვიდეო გავრცელდა. ის სახალხო დრამატული თეატრის მსახიობია, ლექსებს წერს, ასრულებს კლასიკურ არიებსა და პატრიოტულ სიმღერებს.
ზაფხულში "პტაშკას" დედამ განაცხადა, რომ მისი შვილი ოლენოვკის ტყვეთა ბანაკში იმყოფებოდა.
აზოვსტალის მცველების ნაწილის დაღუპვაზე უკრაინულ ტელეგრამარხებზე არაოფიციალური ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ოკუპირებულ ოლენოვკაში, კოლონიის იმ შენობაში, რომელშიც უკრაინელი სამხედრო ტყვეები, მათ შორის, "აზოველები" იმყოფებოდნენ, 28 ივლისს, ღამით აფეთქება მოხდა. დაიღუპა 50-მდე და დაიჭრა ათეულობით სამხედრო ტყვე. უკრაინული მხარის განცხადებით, კოლონია რუსმა ოკუპანტებმა სამხედრო დანაშაულის დაფარვის მიზნით ააფეთქეს. კოლონიის დაბომბვაში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს რუსული მხარე, თუმცა ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც დაფუძნებულია ადგილზე გადაღებული ფოტოებისა და ვიდეოების, ასევე აფეთქებამდე და მის შემდეგ გადაღებული სატელიტური ფოტოების ანალიზზე, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებისა და შეიარაღების ექსპერტების მოსაზრებებზე, მივიდა დასკვნამდე, რომ დიდი ალბათობით მომხდარის რუსული ვერსია გამოგონილია.
"აზოვის" პოლკი და უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა დანაყოფები, მარიუპოლს ომის დაწყების დღიდან იცავდნენ, თუმცა ძლიერი ბლოკადისა და გარე დახმარების სრული შეწყვეტის პირობებში, მათი მდგომარეობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დამძიმდა. 17 მაისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე ბლოკირებული მარიუპოლის დამცველების გადარჩენის ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა. ამის შემდეგ, "აზოვის" მეთაურმა დენის პროკოპენკომ ("რედის") განაცხადა, რომ ასრულებს უმაღლესი სამხედრო სარდლობის დამტკიცებულ გადაწყვეტილებას გარნიზონის სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის გადარჩენისა და ქალაქის თავდაცვის შეჩერებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, უკრაინელმა სამხედროებმა "აზოვსტალის" ტერიტორია ეტაპობრივად დატოვეს. ისინი ამჟამად სავარაუდოდ რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ტერიტორიაზე ტყვეობაში იმყოფებიან. მათი ნაწილი, რამდენიმე ათეული ჯარისკაცი,რომლებიც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, რუს სამხედრო ტყვეებში გაიცვალა. "აზოვის" პოლკის მეთაურობა ტყვეობაში სავარაუდოდ რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება.