რუსული აგრესიის 199-ე დღე უკრაინაში ისევ აფეთქებების ფონზე გათენდა. თუმცა, ომში მყოფი ქვეყანა სამხრეთისა და აღმოსავლეთის ფრონტზე წარმატებულ კონტრშეტევებს განაგრძობს.
ოკუპანტები უკან იხევენ და ოკუპირებულ ქალაქებზე კონტროლს კარგავენ. ხელისუფლების ინფორმაციით, ხარკოვში უკრაინულმა ძალებმა ოკუპანტებისგან 30-ზე მეტი დასახლებული რაიონი გაათავისუფლეს.
თუმცა აგრესორები შეტევებს არ წყვეტენ - იბომბება დასახლებული პუნქტები, თავდასხმებს კი მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერი, ოლექსანდრ სტუპუნი ამბობს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის შეტევები რამდენიმე მიმართულებით წარმატებით მოიგერიეს.
"მტერი ფოკუსირებულია დონეცკის ოლქზე, სრული კონტროლის დასამყარებლად და ახორციელებს საჰაერო დაზვერვას მაღალი ინტენსივობით. გასული ღამის განმავლობაში მტერმა უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო იერიშები მიიტანა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. თავდაცვის ძალებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის შეტევები რამდენიმე მიმართულებით. ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინელმა დამცველებმა რუსი ოკუპანტებისგან 1000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს. გათავისუფლებულია 30-ზე მეტი დასახლება, რომელებიც დამპყრობლებს დროებით ჰქონდათ დაკავებული ხარკოვის რეგიონში. ოკუპანტებმა დატოვეს დანგრეული, განადგურებული ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები. ამ ტერიტორიებზე განაღმვის ოპერაციები მიმდინარეობს," - აცხადებს სტუპუნი.