02 ოქტომბერი 2022,   07:49
ვრცლად
კიდევ ერთი ფემიციდის შემთხვევა, სავარაუდო მკვლელი ისევ ყოფილი ქმარია - 38 წლის ქალის მკვლელობისთვის დაკავებული, ოჯახური ძალადობის გამო ორჯერ არის ნასამართლევი

კიდევ ერთი ფემიციდის შემთხვევა - სავარაუდო მკვლელი ისევ ყოფილი ქმარია. 3 შვილის დედა ყოფილმა მეუღლემ 4 წლის შვილის თვალწინ ე.წ. შტირით მოკლა. 38 წლის ქალი ქმარს გაშორდა, თუმცა სიკვდილისგან ამანაც არ იხსნა.

მოკლული ქალის ძმა ამბობს, რომ ბოლოს დას ორი დღის წინ ესაუბრა, თუმცა ქალს მისთვის ყოფილ მეუღლესთან კონფლიქტის შესახებ არაფერი უთქვამს. სავარაუდო დამნაშავეს სამართალდამცავებმა ბრალი უკვე წაუყენეს - დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლი, რომელიც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

საზარელი მკვლელობა ნაქირავებ ბინაში, არასრულწლოვანი შვილების თვალწინ სავარაუდოდ ყოფილმა მეუღლემ ჩაიდინა. მოკლულია 38 წლის 3 შვილის დედა. მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ ყოფილი ქმარი დააკავა, რომელიც წარსულში ოჯახური ძალადობისთვის 2-ჯერ არის ნასამართლევი. მკვლელობას წინ არაერთი კონფლიქტი და დაპირისპირება უძღოდა.

მკვლელობა ოზურგეთში, ლესელიძის ქუჩაზე, დღეს დილით დაახლოებით 9 საათზე მოხდა. მეზობლებს ხმაური არ გაუგიათ. მათ ნახეს საგამოძიებო მოქმედებები და დანაშაულის ჩადენის იარაღი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილ მეუღლეს სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

სავარაუდო მკვლელი პოლიციამ მომხდარიდან მალევე დააკავა, მისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ. უცნობია ისიც, აღიარებს თუ არა მამაკაცი ყოფილი ცოლის მკვლელობას.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ყოფილ ქმარს ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები