29 იანვარი 2023,   15:48
ვრცლად
ანასტასია შატალოვას სასტიკი მკვლელობის საქმეზე მთავარ დამნაშავეს მოსამართლემ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

27 წლის ქალის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ბექა ლატარია, მოსამართლე ზვიად შარაძემ დამნაშავედ ცნო და 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა - აგრესიული პირი მანდატურებმა დარბაზიდან იძულებით გაიყვანეს.

ინციდენტი სხდომათა დარბაზში ამით არ ამოწურულა. სასამართლოს დერეფანში მყოფი ოჯახის წევრები, ბექა ლატარიას მიმართ გამოტანილ ვერდიქტს ემოციებით და ხმაურით შეხვდნენ.

ხმაურის ფონზე მოსამართლე კიდევ ორი ბრალდებულის განაჩენს კითხულობდა. საბოლოო გადაწყვეტილებით სამივე დაკავებული ნარკოდანაშაულის საქმეზე გამართლდა, თუმცა სხვა ეპიზოდებში სასამართლომ დამნაშავედ სცნო, ბიძინა ხასიას 17 წელი, ლევან რაჯავს კი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ბრალდებულების უდანაშაულობაში დარწმუნებულები არიან პატიმრების ოჯახის წევრები და კავშირს მკვლელობასთან კატეგორიულად გამორიცხავენ, თქვეს, რომ დანაშაული სხვა პირმა ჩაიდინა.

პატიმრობა მისჯილი პირების ინტერესების დამცველები, ბრალდებულების უდანაშაულობაში დარწმუნებულები არიან და ვერდიქტის გასაჩივრებას გეგმავენ. ადვოკატების თქმით სასამართლომ საკმარისი მტკიცებულებით არ იხელმძღვანელა.

დაკავებულების მიმართ გამოტანილი ვერდიქტი მისაღებია, მოკლული ქალის ოჯახისთვის, თუმცა შატალოვები დამკვეთის კვალზე გასვლას ითხოვენ.

27 წლის ანასტასია შატალოვას გასული წლის ოქტომბერში საკუთარ სახლთან ახლოს, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს 3 პირი.

ბექა ლატარიას წინააღმდეგ გამოძიება განზრახ მკვლელობის, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოდანაშაულის მუხლით მიმდინარეობდა. ბიძინა ხასიას გამოძიება ნარკოდანაშაულის, პოლიციელებისთვის სიცოცხლის მოსპობის მცდელობას და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა. პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავა პოლიციამ ლევან რაჯავი.

დღის ამბები