25 მარტი 2023,   12:01
ვრცლად
კილონახევარი ყალბი მონეტების და ქურდული გარჩევების საქმე - სად მოათავსეს დაკავებული პირები და რას აცხადებს ადვოკატი

კილონახევარი ყალბი მონეტების და ქურდული გარჩევების საქმეზე პოლიციამ აჭარაში, თბილისსა და რუსთავში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს - ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კურიერის ინფორმაციით დაკავებული პირები მოთავსებული არიან მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში და სასამართლო სავარაუდოდ დღეს, დღის მეორე ნახევარში იმსჯელებს მათი აღკვეთის ღონისძიებაზე.

საქმეში მონაწილე 9 პირიდან  2-ის, ძმები ხვიჩა და გოჩა ცეცხლაძეების ადვოკატი თამარ აბესაძეა. გოჩა ცეცხლაძე დაკავებულია, ხოლო ხვიჩა ცეცხლაძე საზღვარგარეთაა და მას ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი. ცეცხლაძეების უფლებადამცველი მათ ბრალეულობას გამორიცხავს და აპირებს რომ დღეს სასამართლოში მათთვის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება მოითხოვოს.

შსს-ში არ გამორიცხავენ რომ ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.  ქურდული გარჩევების საქმეზე რამდენიმე პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია უწყებამ დღეს გაავრცელა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით რამდენჯერმე მოეწყო  ქურდული გარჩევები, რომლებშიც, მოდავე მხარეებთან, კრიმინალურ ავტორიტეტებსა და "ქურდული სამყაროს" წევრებთან ერთად, პირადად და დისტანციურად მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მყოფი "კანონიერი ქურდები": მინდია ლავასოღლი, ჯეირან კინწურაშვილი და ზვიად პაპიაშვილი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა - გ.ნ.-მ და ვ.ა.-მ, ა.ჯ.-ის და რ. გ.-ს მეშვეობით, თურქეთის რესპუბლიკაში მოიძიეს კლიენტი - მ. ქ., რომელმაც ლ.ა.-ს დავალებით მათგან შეიძინა დიდი რაოდენობით ოქროს ნივთები. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მონეტები ყალბი იყო. ლ.ა.-მ, ყალბ ოქროში გადახდილი ფულის უკან ამოღების მიზნით, დასახმარებლად მიმართა "კანონიერ ქურდ" მინდია ლავას-ოღლის.

მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავის "ქურდული სამყაროს" წესების მიხედვით გადაწყვეტის მიზნით, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რამდენჯერმე მოეწყო ე.წ. ქურდული გარჩევები, რომლებშიც, მოდავე მხარეებთან, კრიმინალურ ავტორიტეტებსა და "ქურდული სამყაროს" წევრებთან ერთად, პირადად და დისტანციურად მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მყოფი "კანონიერი ქურდები": მინდია ლავას-ოღლი, ჯეირან კინწურაშვილი და ზვიად პაპიაშვილი.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაკავებული "ქურდული სამყაროს" წევრები და კრიმინალური ავტორიტეტები, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ "კანონიერ ქურდებს" უკავშირდებოდნენ და ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ.

პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ "კანონიერ ქურდს" უკავშირდებოდნენ.

საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები და შესაძლებელია, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.

"ქურდული სამყაროს" წევრობის, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის და "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პირველი პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს,"- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები