უკრაინაში ომის დაწყებიდან უკვე 23-ე დღე გათენდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსი სამხედროები ოკუპირებული საზღვრების შენარჩუნებას ცდილობენ და კიევზე შესაძლო თავდასხმისთვის ემზადებიან. მათი ძალისხმევა დონბასზეა კონცენტრირებული.
თავდაცვისთვის ემზადება ოდესა. კვლავ კრიტიკული ვითარებაა მარიუპოლში, სადაც ქალაქის საბჭოს განცხადებით, ყოველდღიურად ოკუპანტებს 100-მდე საჰაერო იერიში მიაქვთ.
ორი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს რუსმა სამხედროებმა სუმში. რეგიონული ადმინისტრაცია ამბობს, რომ სამხედროები ხალხს მობილურებს და იარაღს ართმევენ. საჰაერო იერიშები გრძელდება ხარკოვში, სადაც ჭურვი ბაზარში შენობებს მოხვდა, ხანძრის ჩაქრობისას დაიღუპა ერთი ადამიანი.
ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთს ლოჯისტიკური პრობლემები აქვს.
უკრაინული მხარე კი რუსების 7 თვითმფრინავის, ერთი ვერტმფრენის, 3 საფრენი აპარატისა და 3 რაკეტის განადგურების შესახებ იუწყება. მათივე ინფორმაციით, რუსეთმა უკვე დაიქირავა ათასი მებრძოლი ბაშარ ალ ასადაისა და დაჯგუფება ჰეზბოლასგან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ომის პერიოდში უკრაინაში სამედიცინო შენობებს 43-ჯერ დაესხნენ თავს, რა დროსაც 12 ადამიანი დაიღუპა.