18 სექტემბერი 2026,   23:54
ვრცლად
აშშ-ში "ფარას" კანონმდებლობას კიდევ უფრო ამკაცრებენ და აბსოლუტურად გასაგებია, თუ რატომ. ასეთი გამოწვევებია მთელს მსოფლიოში, ყველა ქვეყანა ზრუნავს საკუთარ ხალხზე - კახა კალაძე​

მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ საუბრობენ აშშ-ში "ფარას" კანონმდებლობის მოსალოდნელ გამკაცრებაზე. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება "ფარას" რეგულაციების გამკაცრების შესახებ, გასაგებია იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც დღეს მთელ მსოფლიოშია.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის გაძლიერება იმ გამოწვევებს უკავშირდება, რომელთა წინაშეც დღეს სხვადასხვა ქვეყანა დგას.

"როდესაც ჩვენ წლების წინ მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, გახსოვთ, როგორი შემოტევა, როგორი ზეწოლა იყო და სხვათა შორის, დღესაც გრძელდება, დღესაც მიზანმიმართულად ვისმენთ ჩვენ არასწორ განცხადებებს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საჭიროა გამჭვირვალობა, საჭიროა საზოგადოებისთვის იყოს ცნობილი, თუ ვინ, რომელი ორგანიზაცია საიდან ფინანსდება, რა კონკრეტულ პროექტებზე ეგზავნებათ თანხები. რა თქმა უნდა, ამის საჯაროობა არის მნიშვნელოვანი და ისიც, რომ ამერიკაში აღნიშნული კანონპროექტი, რომლის ასლიც ჩვენ გადმოვიტანეთ და ზუსტად ისეთივე კანონმდებლობა გვაქვს, დღეს კიდევ უფრო ამკაცრებენ და აბსოლუტურად გასაგებია, თუ რატომ და რისთვის. იმიტომ, რომ ასეთი გამოწვევებია მთელს მსოფლიოში, ყველა ქვეყანა ზრუნავს საკუთარ თავზე და საკუთარ ხალხზე", - აცხადებს კახა კალაძე.

დღის ამბები