თბილისში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე, ამ მიმართულებით ქვეყნის სტრატეგიასა და საერთაშორისო აღიარებაზე საუბრობს. შაიხა ნასერ ალ ნოვაისი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მხარეებმა აქცენტები გლობალურ ბაზრებზე საქართველოს პოპულარიზაციაზე, საერთაშორისო პარტნიორობასა და საქართველოზე, როგორც მიმზიდველ და უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებაზე გააკეთეს.
პრემიერთან შეხვედრამდე, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოს ეკონომიკის მინისტრს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციას შორის არსებულ ხანგრძლივ პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებზე, პერსპექტივებსა და საერთაშორისო ბაზრებზე ქვეყნის პოზიციონირებაზე გენერალურმა მდივანმა დღეს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებსაც ესაუბრა. შეხვედრა შედგა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტთანაც.
საერთაშორისო ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობაზე, ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.
საქართველოსა და გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა და გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს განსაკუთრებულ ტურისტულ პოტენციალს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე ძირითადად აქცენტი ორგანიზაციის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტებისა და ინიციატივების მნიშვნელობაზე გამახვილდა.
განსაკუთრებული ყურადღება, საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარების დადებით ტენდენციებზე, საერთაშორისო ვიზიტორების მზარდ დინამიკასა და ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმის მნიშვნელოვან წილზე გამახვილდა.