ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი სამშენებლო და საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისა და საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას გულისხმობს. შეხვედრა ტექნოპარკში გაიმართა.
"აღნიშნული ინიციატივა მიმართულია ეკონომიკის დამატებითი და სწორი სტიმულირებისთვის, სამშენებლო სექტორი, როგორც საფინანსო სექტორი, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სექტორია და იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული პროექტი ისეთივე წარმატებით ისარგებლებს, როგორც წინა პროექტები," - აცხადებს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე ფიქრობს, რომ პროექტი სასარგებლო იქნება როგორც საჯარო, ისე კერძო ინტერესებიდან გამომდინარე.
"ვფიქრობ, სასარგებლო ინიციატივაა როგორც საჯარო, ისე კერძო ინტერესებიდან გამომდინარე. სასარგებლოა იმდენად, რამდენადაც ის, რაც უნდა გაკეთებულიყო 4-5 წელიწადში, გაკეთდება 1-1.5 წელში, ეს ნიშნავს, რომ სამუშაო ადგილები დამატებით შეიქმნება, დამატებითი ღირებულება შეიქმნება და ვფიქრობ, ბიუჯეტისთვის, ქვეყნისთვის, ყველასთვის სასარგებლო იქნება," - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.