09 ოქტომბერი 2026,   16:30
ვრცლად
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულებს, სასამართლომ 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ძალადობის ფაქტებზე ორი პირი დამნაშავედ ცნო, - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბათუმში 2025 წლის 8 დეკემბერს, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულს, ხოლო ორი დღის შემდეგ, ბრალდებულმა შვილთან ერთად ჯგუფურად, შურისძიების მოტივით, კვლავ ფიზიკურად იძალადა დაზარალებულზე. შემდეგ კი ბრალდებულებმა იგი მდინარე ჭოროხის ძველი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვანეს, სადაც ისევ იძალადეს მასზე ფიზიკურად და შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით მდინარე ჭოროხში გადააგდეს. დაზარალებულის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის ,,ი’’ ქვეპუნქტით, 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და ორივე ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა," - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები