10 ოქტომბერი 2026,   03:48
ვრცლად
უკრაინისა და ევროპის წარმომადგენლები სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი რაუნდისთვის აშშ-ში ჩავიდნენ

უკრაინისა და ევროპის მაღალი რანგის წარმომადგენლები ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში ჩავიდნენ სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი რაუნდისთვის, რომლის მიზანი რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასრულებაა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ომი ესკალაციის ახალი ტალღის ფონზე მიმდინარეობს და უკრაინის ქალაქების დაბომბვას ათობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

პარასკევს და შაბათს დაგეგმილ მოლაპარაკებებს აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლები - სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი უხელმძღვანელებენ. ისინი განიხილავენ დიპლომატიური ჩიხის დაძლევის სხვადასხვა ვარიანტს ზამთრის დადგომამდე, რომელიც სავარაუდოდ ყველაზე მკაცრი იქნება.

გამოცემის ცნობით, დისკუსიები დაეფუძნება ვიტკოფისა და კუშნერის მოსკოვსა და კიევში ბოლოდროინდელ ვიზიტების შედეგებს.

განსახილველ ვარიანტებს შორისაა ცეცხლის წერტილოვანი შეწყვეტა, რომელიც შავ ზღვას ეხება და/ან ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართ ცეცხლის შეწყვეტა, რომელსაც მოსკოვი აქტიურად ესხმის თავს. კიევიც ანალოგიურად მოქმედებს და რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ურტყამს.

"ჯერ არ ვარ მზად ვისაუბრო იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს რეალისტური ან უფრო რეალისტური. პრინციპში, მესმის სიტუაცია, მაგრამ არ მინდა არაფრის თქმა, რათა რუსეთმა, როგორც ყოველთვის, საპირისპირო არ გააკეთოს - უბრალოდ ჩვენს გასაბრაზებლად. დაველოდოთ და ვნახოთ. ვხედავთ მოლაპარაკებებისა და შეხვედრების გააქტიურებას შეერთებული შტატების მხრიდან. ბოლო დღეების განმავლობაში, პირადად სამჯერ ვესაუბრე ამერიკულ მხარეს და იმედი მაქვს, რომ ჩვენი შეხვედრა დადებით შედეგს გამოიღებს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ მის გუნდში შევლენ კირილო ბუდანოვი და სერგეი კისლიცა (პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მოადგილე), დავით არახამია (პარლამენტში მმართველი პარტიის ლიდერი) და რუსტემ უმეროვი (საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი).

ევროპულ მხარეს წარმოადგენენ ე.წ. ევროპული სამეულის (E3) ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები: საფრანგეთი, გერმანია და გაერთიანებული სამეფო. ეს სამი ქვეყანა ხელმძღვანელობს "მსურველთა კოალიციას", რომელიც უკრაინის სამომავლო უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობს.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ევროკომისიაც. ოფიციალური პირის თქმით, მოლაპარაკებებზე ნატომ თავისი შტაბის უფროსი, ჯეფრი ვან ლიუვენი გაგზავნა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს.

დღის ამბები