12 ოქტომბერი 2026,   17:26
ვრცლად
პენსიონერებს სესხი გაუიაფდებათ - რამდენი პროცენტით დაიწევს მათთვის საპროცენტო განაკვეთი

პენსიონერებისთვის სესხის გაიაფებას უმრავლესობაც და ოპოზიციაც მხარს უჭერს. შეთანხმება მიღწეულია - ხანდაზმულ ადამიანებს სესხი მინიმუმ 10 პროცენტით გაუიაფდებათ. თუ აქამდე ასაკიანი მოსახლეობა სესხში 36 პროცენტს იხდიდა, სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, საპენსიო სესხის პროცენტის ზედა ზღვარი 26% იქნება. არის მოლოდინი, რომ საბანკო კონკურენციის პირობებში, საპროცენტო განაკვეთი უფრო დაიკლებს. გაიაფებული სესხით სარგებლობას პენსიონერები 2023 წლიდან შეძლებენ. კიდევ ერთი დეტალი: პენსიების დარიგების მომსახურებისთვის სახელმწიფო წლიურად 15 მლნ ლარს გადაიხდის ბიუჯეტიდან. 

ბანკებისთვის ახალი, ერთთვიანი კონკურსი თებერვლის ბოლოს გამოცხადდება. ამ ეტაპზე ორი ბანკი: "საქართველოს ბანკი" და "ლიბერთი" არიან დაინტერესებულები. 

საპენსიო სესხების საკითხის შესახებ ტემპერატურამ გაზაფხულზე მოიმატა, 2021 წლის აპრილში პარლამენტში თემაზე დებატებიც გაიმართა. ზაფხულში, კერძოდ, აგვისტოში კი პრემიერმა თქვა, რომ უმოკლეს ვადაში უნდა იპოვონ გამოსავალი და საპროცენტო განაკვეთმა უნდა დაიწიოს. პრემიერის დავალებით, შეიქმნა სპეციალური უწყებათშორისი კომისია, რომელმაც მიიღო გადაწყევტილება. მისი თავმჯდომარე ვიცე-პრემიერი და დღეს უკვე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილია. 

საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას დაემთხვა სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნება, თუ რამდენი პენსიონერი ჰყავდა ქვეყანას გასულ წელს. საქსტატის ინფორმაციით, 2021 წელს, საქართველოში პენსიის (ასაკით პენსია) მიმღები იყო 793 751 პირი, აქედან 71.5% ქალია, ხოლო 28.5% - კაცი.

რეგიონების მიხედვით პენსიის მიმღებთა 29.4% თბილისშია, 16.3% - იმერეთში, 10.8% სამეგრელო - ზემო სვანეთში, 9.8 % -

ქვემო ქართლში, 8.9% - კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამურად 24.8% ფიქსირდება.

დღის ამბები