ბიუჯეტში გამოვძებნეთ რესურსი, კერძოდ, 128 მლნ ლარი და ამის ხარჯზე ჩვენ მოვახერხეთ პლუს 25 ლარით, ანუ ჯამში 45 ლარით პენსიის გაზრდა 70-წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, 20 ლარი იყო ის მატება, რომელიც გათვალისწინებული იყო რამდენიმე წლის წინ დამტკიცებული ინდექსაციის წესით.
"პენსიებს რაც შეეხება, როცა შედის ხოლმე პირველი პროექტი პარლამენტში, მასში აისახება ხოლმე ინდექსაციის წესი. და შემდეგ იწყება პარლამენტში მსჯელობა, მათ შორის, ვისმენთ ხოლმე პარლამენტიდან და საზოგადოებიდან წამოსულ მოსაზრებებს. თავიდან შედის პროექტი, პენსიასთან დაკავშირებით აქ ასახულია ხოლმე ინდექსაციის წესით გათვალისწინებული მატება, შემდეგ ისმენს მთავრობა მოსაზრებებს და ამის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებებს.
ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა - 20 ლარი იყო ის მატება, რომელიც გათვალისწინებული იყო ინდექსაციის წესით, ეს წესი რამდენიმე წლის წინ დამტკიცდა და მხოლოდ 20-ლარიანი მატება იყო გათვალისწინებული. იყო რეაქცია პარლამენტარების მხრიდან, იყო რეაქცია საზოგადოების მხრიდან. განვიხილეთ ეს საკითხი და ბიუჯეტში გამოვძებნეთ რესურსი, კერძოდ, 128 მლნ ლარი, რომელიც გამოვყავით დამატებით და ამის ხარჯზე ჩვენ მოვახერხეთ პლუს 25 ლარით, ანუ ჯამურად 45 ლარით პენსიის გაზრდა 70-წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის, ეს იყო პროცესის შინაარსი", - აღნიშნა პრემიერმა.