10 ოქტომბერი 2026,   17:43
ვრცლად
შემცირდება თუ არა ლარში გაცემულ სესხებზე პროცენტი - სები რეფინანსირების განაკვეთის შემცირების პირობას ასახელებს

ლარი გამყარებულ პოზიციებს არ თმობს, იყო მცირედი რყევები, თუმცა ამერიკული დოლარის ღირებულება ისევ 3 ლარზე ნაკლები რჩება. ეროვნული ვალუტის კურსის გამყარების ფონზე ახლა საზოგადოებას ყველაზე მეტად აინტერესებს, შემცირდება თუ არა გაძვირებული ფასები? ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, ლარის გაცვლითი კურსის ბოლოდროინდელი გამყარება ინფლაციის კლებაზეც მოახდენს გავლენას. ბიზნესის წარმომადგენლები ამ თემაზე საუბრისას ძირითად აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ ლარის გამყარება პროდუქციაზე ფასებს თუ არ შეამცირებს, მოსალოდნელ გაძვირებას შეაჩერებს. მათი განმარტებით, ყველა წინაპირობა არსებობდა, რომ ფასები გაზრდილიყო, ლარის მყარი კურსი კი ამ წინაპირობებს დააბალანსებს და პროდუქცია აღარ გაძვირდება.

ინფლაციის შემცირებას, როგორც არაერთხელ მოვისმინეთ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მარტიდან პროგნოზირებს. კობა გვენეტაძე რეფინანსირების, ანუ ლარში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთის შემცირებასაც აანონსებს, თუმცა, ამას კონრეტული პირობა აქვს - ინფლაციამ და ინფლაციურმა მოლოდინებმა სტაბილური კლება უნდა დაიწყოს. ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, თუ ინფლაცია სტაბილურად დაიკლებს, წელს რეფინანსირების განაკვეთი 2-2.5%-ის შუალედში შემცირდება.

2021 წლის 8 დეკემბრიდან რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი ათნახევარი პროცენტია. წლიური ინფლაცია, 13,9 პროცენტი. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს ეროვნული ბანკი 30 მარტს გადახედავს, სწორედ ამ დღესაა ჩანიშნული შემდეგი სხდომა.

ინფლაციის მეორე კვარტლიდან კლებას პროგნოზირებს სარეიტინგო სააგენტო "ფითჩი". სააგენტოს პროგნოზით, 2022 წელს, საშუალოდ, წლიურმა ინფლაციამ 7% უნდა შეადგინოს. პროგნოზი ეხება ეკონომიკურ ზრდასაც. სააგენტო 2022 წელს საქართველოში 5.5%-იან, 2023-ში კი 5.3%-იან ზრდას პროგნოზირებს.

დღის ამბები