28 იანვარი 2022,   06:35
ვრცლად
განსასჯელის სკამზე მყოფმა სააკაშვილმა დღევანდელი გამოსვლა კვლავ პოლიტიკურ განცხადებებს და საკუთარ მიღწევებს მიუძღვნა - საათნახევრიანი გამოსვლის დეტალები

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს შენობაში დაკავების შემდეგ დღეს მესამედ, ამჯერად საზღვრის უკანონო კვეთის საქმის განხილვაზე მივიდა. ყოფილმა პრეზიდენტმა განსასჯელის ადგილი კვლავ პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად გამოიყენა. თითქმის 2 საათი სააკაშვილი საკუთარ მიღწევებზე, სიზმრებზე, სახელმწიფოს ინსტიტუციებსა და სიმბოლოებზე საუბრობდა.

სიტყვით გამოსვლის დროს ყოფილ პრეზიდენტს მოსამართლემ არაერთხელ მოუწოდა ესაუბრა მხოლოდ საქმის დეტალებთან დაკავშირებით. თუმცა იმის ნაცვლად, თუ როგორ გადმოლახა ქვეყნის საზღვარი- სააკაშვილი საუბრობდა მხოლოდ იმაზე, რა შედეგები მოუტანა ოპოზიციას მისმა გადაწყვეტილებამ და ჩამოსვლამ. სააკაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მისი დახმარებით მოიგო.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა ისევ მხოლოდ სიტყვის უფლებით ისარგებლა და საქმის ერთ-ერთი მთავარი ბრალდებულის გამოკითხვას აღარ დაელოდა.

ერთ-ერთი პირი რომელთან ნაცნობობასაც დღეს მიხეილ სააკაშვილი ვეღარ იხსენებს ელგუჯა ცომაიაა. სწორედ მან უზრუნველყო საკუთარი სატვირთო ავტომობილით - რძის ნაწარმთან ერთად პრეზიდენტის ტრანსპორტირება. ბრალდებულის სტატუსით ელგუჯა ცომაია სასამართლოს წინაშე დღეს პირველად გამოიკითხა. მან დეტალურად გაიხსენა გზა უკრაინიდან საქართველომდე და დაასახელა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე, ვინც სააკაშვილის ოდესიდან თბილისში ჩაყვანა სთხოვა.

4 საათიანი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განმარტებები გააკეთეს მხარეებმა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები საქმეს კვლავ პოლიტიკურ ჭრილში განიხილავენ.

პროკურორები ამბობენ, რომ დღეს საზღვრის უკანონო კვეთის საქმე ბრალდებული ცომაიას ჩვენებამ კიდევ უფრო გაამყარა. ბრალდებულის ექსპრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა კი საქმის შინაარსს აცდენილი იყო.

მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვას გამოხმაურება დღეს პარლამენტშიც მოჰყვა. მმართველი გუნდისთვის ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავეა. მათთვის ეჭვგარეშეა, რომ სააკაშვილმა კანონი დაარღვია დღეს კი, სასამართლო ტრიბუნას პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს. ”ქართულ ოცნებაში” მიიჩნევენ, რომ მან საქართველოში უკანონოდ შემოსვლით ქვეყნის საზღვარსა და სუვერენიტეტს პატივს არ სცემს.

პროცესის პარალელურად სასამართლოს ეზოში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებთან ერთად მისი პარტიის ლიდერებიც იმყოფებოდნენ.

სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მორიგი სხდომა მოსამართლემ 4 თებერვალს 11 საათზე ჩანიშნა. ჯერჯერობით უცნობია დაესწრება თუ არა მსაჯვრდებული ყოფილი პრეზიდენტი პროცესს.

დღის ამბები