09 დეკემბერი 2021,   03:11
ვრცლად
იძულებითი განთავსება არ ხდება, უბრალოდ პენიტენციური საავადმყოფო სააკაშვილისთვის საჭირო ყველა პირობას აკმაყოფილებს - ეკატერინე ტიკარაძე 

სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებას რეგულირების სააგენტო დღეს განმეორებით შეისწავლის. არის თუ არა გლდანის ნომერ 18-ე დაწესებულება მზად, რომ საჭიროების შემთხვევაში, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი მიიღოს?! - დასკვნას სააგენტო უახლოეს პერიოდში გაასაჯაროებს.

ჯანდაცვის მინისტრი იმ რეკომენდაციებზე საუბრობს, რომლებიც ექსპერტებმა გასცეს და აღნიშნავს, რომ პაციენტს ყველა საჭირო კვლევა უტარდება, გართულებები კი არ აღენიშნება.

მინისტრის განმარტებით, გლდანის მე-18 დაწესებულება ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილის, სხვა მსჯავრდებულ პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვისთვის საჭირო შესაბამის ყველა პირობას აკმაყოფილებს.

"რეგულირების სააგენტომ მიიღო დავალება, რის შედეგადაც ის დღეს შევა პენიტენციურ საავადმყოფოში და შეამოწმებს მის მზაობას არა მხოლოდ პაციენტ სააკაშვილის, არამედ სხვა პაციენტების მიღების უსაფრთხოების თაობაზე და დადებს დასკვნას, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავასაჯაროებთ.

რაც შეეხება ექსპერტების რეკომენდაციებს, რეკომენდებული იყო დოპლერის გაკეთება პაციენტისთვის, რაც გუშინ შესრულდა და პაციენტს ამ მიმართულებით არ აღენიშნება არანაირი გართულება.

ამ ეტაპზე მას არა აქვს არანაირი საჭიროება იმის, რომ იყოს გადაყვანილი სხვა კლინიკაში. არანაირად არ ხდება აქ იძულებითი წესით პაციენტის განთავსება პენიტენციურ საავადმყოფოში, უბრალოდ ეს საავადმყოფო მისთვის საჭირო ყველა პირობას აკმაყოფილებს," - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

დღის ამბები