29 ივლისი 2021,   16:26
ვრცლად
ყვარელში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნილია - დაკავებულია 39 წლის მამაკაცი

ყვარელში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნილია - დაკავებულია ერთი პირი.

39 წლის მამაკაცს განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.

შემთხვევა ორი დღის წინ სოფელ ახალსოფელში მოხდა. ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა მისი ნაცნობი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 მაისს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ურთიერთშელაპარაკებისას, თავისი ნაცნობი - 1982 წელს დაბადებული მ.პ. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ი.ყ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ყვარლის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

 

დღის ამბები