15 აპრილი 2021,   05:10
ვრცლად
მესმის ბიზნესის პრეტენზიები, მაგრამ ცვალებადი ეპიდვითარება არ გვაძლევს საშუალებას გრძელვადიანი გეგმა დავდოთ - ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ ბიზნესი სწორად ისარგებლებს იმ შემსუბუქებით, რომელიც დღეიდან დაანონსდა და ყველა დაიცავს დაწესებულ წესებს.

"ის ფაქტი, რომ პანდემია ჯერ კიდევ გრძელდება, ვაქცინაცია დაიწყება მალე, თუმცა დასჭირდება გარკვეული დრო და ბევრი გაუთვალისწინებელი ფაქტორი გვაქვს, ეს არ გვაძლევს საშუალებას, რომ გრძელვადიანი გეგმა დავდოთ. მე ძალიან კარგად მესმის, როგორც ეკონომიკის მინისტრს, რომ ბიზნესს სჭირდება უფრო გრძელვადიანი გეგმა, რომ უფრო განჭვრეტადი იყოს მათი საქციელი, მესმოდა თქვენს ეთერშიც პრეტენზიები, მაგრამ პანდემია და ცვალებადი ეპიდვითარება არის სწორედ ის გარემოება, რის გამოც გრძელვადიანი გეგმის დასახვა ძალიან რთულია.

არამარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, გვხვდება ხოლმე წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილებები, როდესაც ჯერ ხდება შემსუბუქება და მოკლე დროის შემდეგ, კვლავ ხდება შეზღუდვის დაწესება. დიდი იმედი მაქვს, რომ შემსუბუქებას შევინარჩუნებთ, სწორად ვისარგებლებთ ამ თავისუფლებით და ყველანი დავიცავთ დაწესებულ წესებს. დღეს გარანტია არ გვაქვს, რომ ეპიდვითარება არ გაუარესდება. ეს არის გარკვეული რისკი, ამ რისკზე მივდივართ იმის გამო, რომ ეკონომიკას სჭირდება ჟანგბადის ჩასუნთქვა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორივე პრიორიტეტი, ეს არის ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესება და პანდემიასთან ბრძოლა და, ამავდროულად, ეკონომიკის გაჯანსაღება, ახლა დადგა ეკონომიკის დრო,"-განაცხადა ნათია თურნავამ. 

ნათია თურნავამ, რესტორნების ასოციაციის წარმომადგენლების უკმაყოფილებას უპასუხა და განმარტა, რომ  შიდა სივრცეების გახსნის გადაწყვეტილება მარტივი მისაღები არ იყო, თუმცა ეს მაინც მიღწევაა. ნათია თურნავას განცხადებით, ბიზნესის წარმომადგენლები მაქსიმალისტები არიან. 

"დიდი მონაპოვარია ის, რომ შევძელით და გახსნა დავაანონსეთ. მაგრამ, ეს გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. მე იმედი მაქვს, რომ სხვადასხვა ასოციაციების წარმომადგენლებთან ერთად მივაღწევთ და ინდუსტრია არ გვანანებინებს ამ შემსუბუქებას და წესებს დაიცავს. კი, ზოგადად ბიზნესის წარმომადგენლები მაქსიმალისტები არიან, მაგრამ ეს არ არის ადეკვატური მიმდინარე ვითარებისა. ჯერჯერობით, პანდემია არსად წასულა. სამომავლოდ კი, შევხედავთ ეს მასშტაბური გახსნა რას გამოიღებს და შემდეგ ვიმსჯელებთ სხვა საკითხებზე. მთავარია და რეალობა არის ის, რომ მივაღწიეთ შიდა სივრცეების გახსნას, თუმცა ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება. ჩვენ რესტორნებთან კომუნიკაცია გვექნება,"- განაცხადა ნათია თურნავამ. 

დღის ამბები