შაბათს გამართული დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
6 თებერვალს მოქალაქეების ნაწილი პარლამენტთან შეიკრიბა და ე.წ. კომენდანტის საათის დაწყების მიუხედავად, მსვლელობა მოაწყვეს.
აქციაზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბარებულებს შორის ისინიც არიან.
"6 თებერვალს, როდესაც უკვე დავარღვიეთ უკვე მესამედ, ამ მსვლელობისას გამოიკვეთა შერჩევითი სამართალი. კერძოდ, მხოლოდ 4 ადამიანს დაურეკეს ჩვენი მოძრაობიდან და უთხრეს, რომ მათ მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლის წარმოება. ახლაც მოხდა შერჩევით გამოძახება, ამიტომ ჩვენი პოზიცია არის ასეთი, ვინც ვმონაწილეობდით და ჩვენი იდენთიფიცირება არის მარტივი, ყველასთან მიმართებაში დაიწყონ საქმის წარმოება და ბუნებრივია, ამის შემდეგ ჩვენი ნაბიჯები იქნება სათანადო,"- განაცხადა "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრმა გიორგი მუმლაძემ.
"გუშინ საღამოს საათებში დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემს მიმართ სამართალწარმოებაა დაწყებული და უნდა მივიდე. კარგი იქნება თუ მივალ, თორემ თუ არ მივალ არაფერი დაშავდება და უჩემოდაც გაართმევენ თავს. კითხვები აქეთ მაქვს, იმათ რა კითხვები უნდა დამისვან, ხომ დამაჯარიმეს, სიარულის გამო მიჭერენ,"- აცხადებს პოლიტიკური პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლება" პოლიტიკური საბჭოს წევრი ნიკა მოსიაშვილი.
"დაუმორჩილებლობის მარშის მესამე დღეს დაგვიკავშირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროდან და შეგვატყობინეს, რომ დაჯარიმებული ვართ. ეს მოხდა საკმაოდ ამორალური ფორმით. თბილისიდან ბათუმში დაურეკეს ჩემს მშობლებს და უთხრეს, რომ მათმა შვილმა ჩაიდინა დანაშაული. აუცილებლად მივალ, თუმცა არ ვაპირებ ჯარიმის გადახდას, რაიმე ტიპის გამამართლებელ არგუმენტებზე საუბარს. ეს იყო პოლიტიკური აქტი, რომლითაც ჩვენ წინააღმდეგობაში შევედით არსებულ სისტემასთან და შეზღუდვებთან, ლახავს ადამიანის უფლებებს და არის არაკონსტიტუციური,"- აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ირაკლი კუპრაძე.