სააგენტო "აწარმოე საქართველოსთვის" სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამა რესტორნების მფლობელებს მათი სფეროს გადასარჩენად საკმარისად არ ეჩვენებათ. რესტორატორების განმარტებით, მთავარ პრობლემას რეგულაციების ამოქმედების შემდეგ დაქირავებული პერსონალის ანაზღაურება წარმოადგენს და მათთვის შეთავაზებული პროგრამა ამ პრობლემას ვერ აგვარებს. სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია მათი 5 პუნქტიანი გეგმის გათვალისწინებას ითხოვს.
"მთავარი პრობლემა არის სტაფის გადარჩენა, ეს ჩვენი ბიზნესისთვის ლოკდაუნი იყო და უნდა მოხდეს ამ ადამიანების ხელფასების ანაზღაურება, სხვა შემთხვევაში ისინი რჩებიან უსახსროდ, ჩემთვის ეს უფრო პრიოროტეტულია ვიდრე სესხების სუბსიდირება," - აცხადებს რესტორან "შავი ლომის" დამფუძნებელი მერიკო გუბელაძე.