25 ოქტომბერი 2020,   11:10
ვრცლად
ბაჩალიაშვილის საქმეში ე.წ "გუგლის თაიმლაინის" მეშვეობით შედგენილი მანქანის გასაჯაროებული მარშრუტი არასწორია - მიხეილ რამიშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის  ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა დღის ბოლოს პროკურატურის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ საქმეში ე.წ. "გუგლის თაიმლაინის" მეშვეობით შედგენილი მანქანის გასაჯაროებული მარშრუტი არასწორია და შესაძლოა ყალბიც არის.

"გადავამოწმეთ თუ რომელი "გუგლის თაიმლაინი" იყო გასაჯაროებული. გაჩნდა ერთი ძალიან საინტერესო კითხვის ნიშანი იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ექსპერტიზა არც კომპიუტერის და არც მობილური ტელეფონის - დასრულებული არ იყო. ყველა გასაჯაროებული ნახაზი მიმაჩნია, რომ არასწორია და შესაძლოა ყალბიც. თუ გადავამოწმებთ "თაიმლაინს", ავტომობილი უწყვეტად ვერ იმოძრავებდა, რადგანაც ფონიჭალიდან 10 წუთიანი შეწყვეტა ჰქონდა,"- აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი. 

ასევე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ეკა ქობესაშვილი აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყება თუნდაც ჩანაწერების გამოქვეყნებით, ცდილობს საზოგადოებაში შექმნას ფონი, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა. 

"თავდაპირველად, როდესაც საქმის გამოძიება დაიწყო და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩატარებულიყო საგამოძიებო მოქმედებები იმისათვის, რომ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დამდგარიყო, გამოძიება იმით იყო დაკავებული თუ რას ეუბნებოდნენ მოწმეები ჟურნალისტებს. ეს არის მათი მიზანმიმართული ქმედება საზოგადოებაში შექმნან შთაბეჭდილება, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა და ჩანაწერების გამოქვეყნებაც ამ მიზნისთვის მოხდა,"- აღნიშნავს ეკა ქობესაშვილი.

დღის ამბები