19 ოქტომბერი 2026,   01:23
ვრცლად
ერთი საქმე, 7 მოსამართლე და 5 პოლიტიკური სუბიექტის ბედი - საკონსტიტუციო სასამართლო რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ სარჩელის განხილვას იწყებს

ერთი საქმე, 7 მოსამართლე და 5 პოლიტიკური სუბიექტის ბედი - 3 დღეში მოვლენათა ეპიცენტრი ბათუმი ხდება. საკონსტიტუციო სასამართლოს კარი ისტორიული პროცესისთვის იხსნება. კალენდარზე თარიღები მონიშნულია - 7 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი, 88 დეპუტატის კონსტიტუციური სარჩელის, არსებით განხილვას 21 ოქტომბრიდან დაიწყებს.

სისტემური დანაშაულები, კონსტიტუციური წყობილების არ აღიარება, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება და საბოტაჟი - ხელისუფლება სასარჩელო მოთხოვნას სწორედ ამ არგუმენტებით ამყარებს და 5 პოლიტიკური სუბიექტის: "ნაციონალური მოძრაობის'', "ახალის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და პარტია "საქართველოსთვის" არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვს. მტკიცებულებებსა და არგუმენტებს შორისაა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის 460 გვერდიანი დასკვნაც.

გზა, რომელიც ოპოზიციამ აირჩია საკონსტიტუციო სასამართლომდე მივიდა, თუმცა ვინ ჩავა ფიზიკურად ბათუმში და ვინ დაესწრება საკუთარი აკრძალვის პროცესს? - ოპოზიცია ერთიანი, ტრადიციულად, არც ამჯერად ყოფილა. არადა, მათი ნაწილი დაშლილი ალიანსის სახელს კიდევ ერთხელ ამოეფარა და ერთობის დემონსტრირება სცადა, მაგრამ ერთიანი პოზიცია ვერც ამჯერად აჩვენეს. "ახლები" ჩავლენ და სასამართლოს დარბაზში შევლენ, "ფედერალისტები" კი, სასამართლოს შენობასთან დადგებიან.

პოლიტიკურ კალენდარზე, საკუთარი დღის წესრიგი გაწერეს სხვებმაც: "ლელომ" ფსონი ამჯერად არა "ტოპ ტვინებზე", არამედ როგორც თავად თქვეს, კვალიფიციურ იურისტებზე დადეს, თან დახმარება საერთაშორისო პარტნიორებისგანაც ითხოვეს. "ლელოს" მსგავსად ზღვისპირა რეგიონში წასვლას გეგმავს "ნაციონალური მოძრაობაც", ერთადერთი, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, ეს გახარიას პარტიაა.

ოპოზიციამ ტრადიცია არც ამ მიმართულებით დაარღვია და მაშველი რგოლის ძიება საზღვრებს მიღმა დაიწყო. ოპონენტების სტრატეგია მმართველი გუნდისთვის გაშიფრულია. ამბობენ, რომ რადგან ოპოზიციას ქვეყნის შიგნით მხარდაჭერა არ აქვს, დახმარებას ქვეყნის გარედან ითხოვენ.

დარბაზში თუ დარბაზს მიღმა - ოპოზიციას რომ საკუთარი პოზიციების გამყარებისთვის არგუმენტები არ აქვს, მმართველი გუნდი ამაში დარწმუნებულია. მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ სასამართლოს მათი ოპონენტების ანტიკონსტიტუციურობაში, არგუმენტებით დაარწმუნებენ. არგუმენტები კი ბევრია, სახელისუფლებო პარტია იმ გადაწყვეტილებებზეც მიუთითებს, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს აქვს გამოტანილი.

"ქართული ოცნება" ოპონენტებს არაერთ დანაშაულში ამხელს, მათ შორის, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ანტიდემოკრატიული გზებით დამხობის არაერთ მცდელობაში.

ოპოზიციის განცხადებები, ქმედებები, წარსული, აწმყო და სამომავლო გეგმები რომ არაკონსტიტუციურია, ამაში "ქართული ოცნება" დარწმუნებულია. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ოპოზიცია ფაქტებს, საკუთარი ქმედებებითვე ადასტურებს. სწორედ ამიტომ, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ხელისუფლების ოპონენტებს თავის დასაცავად, არგუმენტები არ გააჩნიათ.

როგორი იქნება ოპოზიციის შემოდგომა? კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვისთვის სამი დღეა გაწერილი, თუმცა არ არის გამორიცხული პროცესი გახანგრძლივდეს. შვიდი მოსამართლისგან შემდგარ პლენუმს კი, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად 9 თვიანი ვადა აქვს.

დღის ამბები