საფრანგეთის დედაქალაქში გამართული საპროტესტო აქციების დროს, ერთ-ერთი მონაწილე გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. ამასთან, მედია წერს, რომ პოლიციამ პარიზში რეკორდული რაოდენობის - 855 ადამიანი დააკავა.
მედიის ინფორმაციით, შაბათს, ქვეყნის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციები არეულობაში გადაიზარდა. სხვადასხვა ქალაქში ძალადობრივი ჯგუფები პოლიციას დაუპირისპირდნენ, მაღაზიები დაარბიეს, შენობების კედლები კი წარწერებით მოხატეს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, პოლიციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით თითქმის 1800 ადამიანი დააკავა, 500-ზე მეტი პოლიციელი კი დაშავდა.
საფრანგეთში გამართულმა მსვლელობებმა, სტუდენტური პროტესტების მონაწილეები და ცხოვრების ფასების ზრდისა და საჯარო მომსახურების გაუარესების გამო გამოთქმული ფართო საზოგადოებრივი უკმაყოფილების მონაწილეები გააერთიანა.
საფრანგეთის სამხრეთით მდებარე საპორტო ქალაქ მარსელში დაზიანდა რამდენიმე მაღაზია და მუნიციპალური პოლიციის განყოფილება. დემონსტრანტებმა მცირე ხნით მერიის შენობის ფოიეშიც შეაღწიეს.
მარსელის მერმა, ბენუა პაიანმა, ძალადობის შედეგად დაზარალებული ბიზნესების დასახმარებლად საგანგებო ფინანსური დახმარების გამოყოფა დააანონსა. ბორდოს მერის, თომა კაზნავის განცხადებით კი, ქალაქში 100-მდე მაღაზია გაძარცვეს.
პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომლის საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, პირობა დადო, რომ თავდასხმებში მონაწილე პირებს პასუხისგებაში მისცემენ და დასჯიან.
მედიის ცნობით, შაბათს, პარიზში გამართულ საპროტესტო აქციას ულტრამემარცხენე პრეზიდენტობის კანდიდატი ჟან-ლუკ მელანშონი შეუერთდა, რომელიც სკოლის მოსწავლეთა მოძრაობას მხარს უჭერს.