31 ოქტომბერი 2020,   05:36
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის წინასასამართლო სხდომა დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში განახლდება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის წინასასამართლო სხდომა დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში განახლდება. ადვოკატთა ნაწილი კონკრეტული შუამდგომლობებით წარდგენას აპირებს - მათ შორის არის მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის მოთხოვნა.

დაკავებულებს, რომელთაც წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული - ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, სხეულის მსუბუქ დაზიანებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

"ბრალდების მხარემ დააფიქსირა რამდენიმე ადვოკატის მიერ წარდგენილი შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე დაუშვებლად ცნობის მოთხოვნა. დავაყენე რამდენიმე კონკრეტული მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის მოთხოვნა. სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას მას შემდეგ, რაც მოისმენს დასაბუთებებს როგორც ერთი, ასევე მეორე მხარის მიერ," - აცხადებს საბა ჩხარტიშვილის ადვოკატი დავით ჭიკაიძე.

თენგო ბარბაქაძის ადვოკატი გიორგი ფოფხაძე აცხადებს, რომ მტკიცებულება, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ამა თუ იმ დანაშაულში მონაწილეობას დაადასტურებდა - არ არსებობს.

"სასამართლოს სხდომა იყო გადადებული და გრძელდება. შესაბამისი პოზიციები ექნებათ სხვადასხვა ადვოკატებს. არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც დაადასტურებდა თენგო ბარბაქაძის ამა თუ იმ დანაშაულში მონაწილეობას. ჩვენ ბუნებრივია არც ერთ მტკიცებულებებთან დაკავშირებით რაიმე სახის შუამდგომლობა არ გაგვაჩნია," - აცხადებს თენგო ბარბაქაძის ადვოკატი გიორგი ფოფხაძე.

დღის ამბები