კანადაში, ალბერტის პროვინციაში, სამხედრო ბაზაზე ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები.
ხანძარი ვეინრაიტის სამხედრო ბაზაზე გაჩნდა, რომელიც კანადაში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სამხედრო სასწავლო ცენტრია. იქ ყოველდღიურად დაახლოებით 690 სამხედრო მოსამსახურე და 300 სამოქალაქო თანამშრომელი იმყოფება. ობიექტი, ძირითადად, სროლების წვრთნებისთვის გამოიყენება.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ხანძარი ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა და ბაზის შემოღობილი ტერიტორიის საზღვრებს გასცდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი და დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიას მოერიდონ.
კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ მომხდარს სერიოზული ინციდენტი უწოდა და განაცხადა, რომ მომხდარის შედეგად დაზარალებულთა მიმართ სოლიდარობას გამოხატავს.