20 ოქტომბერი 2020,   10:30
ვრცლად
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოკითხული დავით ფურცხვანიძის თქმით, გამოძიებას იმ პირის ვინაობა დაუსახელა, ვინც სატელიტური ფოტოები მიაწოდა

დავით ფურცხვანიძე, რომელმაც ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს სატელიტით გადაღებული ფოტოსურათები მიაწოდა, მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხა.

პროკურორის განმარტებით, მან დაასახელა პირი, რომელთანაც კავშირი სოციალურ ქსელში ჰქონდა, დამატებითი ინფორმაცია კი შესაძლოა მის ტელეფონში ყოფილიყო, რომელიც ერთი კვირის წინ დაუზიანდა.

პროკურორის თქმითვე, პირის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, თუმცა დაზუსტდა ფაქტი, რომ ფოტოსურათები მიხეილ რამიშვილს სწორედ დავით ფურცხვანიძემ გადასცა.

როგორც თავად ფურცხვანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მან გამოძიებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, 30 სექტემბერს დაგეგმილი აქვს ვიზიტი ამერიკაში, რომლის დროსაც შესაძლოა საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთოს.

"დავასახელე კონკრეტულად ამ გამოკითხვის დროს არა მხოლოდ სახელი და გვარი, არამედ სხვა კონკრეტული დეტალები დაკავშირებული იმ პიროვნებასთან, მის სტრუქტურასთან, ჩვენს საერთო სტრუქტურასთან. თუ სრული იდენტიფიცირება უნდათ, ჩემი საკომუნიკაციო საშუალებები მათთან არის, იმაში წერია ყველაფერი, სხვადასხვა რეკვიზიტები, მაგრამ ისიც საკმარისია, რაც მე ვუთხარი," - განაცხადა განაცხადა დავით ფურცხვანიძემ.

"ფაქტი დადასტურდა, რომ ამ პიროვნებამ გადასცა ეს ფოტოსურათები. მოვთხოვეთ კონკრეტული წყაროს დასახელება, თუმცა დაგვისახელა პირი, რომელიც არასდროს ჰყავს ნანახი პირადად და ამბობს, რომ სოციალური ქსელში ჰქონდა კავშირი, თუმცა სხვა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია ვერ დაგვისახელა. ეს ინფორმაცია, შესაძლებელია ჰქონდეს ტელეფონში, თუმცა ტელეფონიც რატომღაც დაუზიანდა ერთი კვირის წინ. შესაბამისად, იქაც ვერ მოიძიებს გამოძიება ამ ინფორმაციას.

ბატონმა ფურცხვანიძემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ აგვისტოს ბოლო პერიოდში მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გადაუგზავნა თამარ ბაჩალიაშვილის დედას, თეონა თამაზაშვილს, რაზეც ამ ქალბატონმა გააკეთა განცხადება, რომ მისი შვილის გარდაცვალება უკავშირდებოდა იარაღით უკანონო ვაჭრობას," - განაცხადა პროკურორმა დავით გუმბერიძემ.

 

დღის ამბები