30 სექტემბერი 2020,   10:56
ვრცლად
კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან 9 ეპიდაფეთქების ზონაში მოგზაურობას უკავშირდება, ხოლო 1-ის წყარო უცნობია - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში დადასტურებული 15 შემთხვევიდან 9 ეპიდაფეთქების ზონას უკავშირდება, 4 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ერთი იმპორტირებული, ხოლო ერთის შემთხვევაში მიმდინარეობს ინფიცირების წყაროს მოძიება.  

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის თქმით, ქვეყანაში დღეს კოვიდ ინფიცირებისგან 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

"დაგვემატა 15 ახალი დადასტურებული შემთხვევა და დღევანდელი მონაცემებით. გახვალთ 1321 დადასტურებული შემთხვევა. ახლა ამ 15 დადასტურებული შემთხვევის განაწილება ასეთია  - 9 შემთხვევა არის მოგზაურობა ეპიდაფეთქების ზონაში, 4 შემთხვევა გახლავთ დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტები, ერთი გახლავთ შემოტანილი, სატვირთო მანქანის მძღოლი და ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა, კონტაქტების მოძიების და წყაროს დადგენის თვალსაზრისით.  

გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ სამით გაიზარდა, გახლდათ 1085 და არის 1088. ამ მონაცემების შეჯერებით, დღევანდელ დღეს, კოვიდ ცენტრებში 216 პაციენტი მკურნალობს.," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფიცირებულთაგან 19 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მათთან დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. 6 პაციენტის მდგომარეობა კი კრიტიკულია.

"გუშინ გვყავდა 7 კრიტიკული პაციენტი, ერთი პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდება და ის დღეს უკვე განიხილება როგორც მძიმე პაციენტი, ამიტომ კრიტიკული პაციენტების რაოდენობა არის 6, ხოლო მძიმე პაციენტების რაოდენობა არის 19. საბედნიეროდ, ამ პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, იმ თვალსაზრისით, რომ მათთან დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება და ალბათ პროგნოზირებაც კეთილსაიმედო უნდა იყოს,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

რაც შეეხება სვანეთს და ყაზბეგს, იქ გრძელდება კვლევები და კონტაქტების მოძიება. 

დღის ამბები