01 ოქტომბერი 2020,   17:58
ვრცლად
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არჩილ გაგნიძის დაცვაში სახაზინო ადვოკატი ჩაერთო

გიორგი შაქარაშვილის საქმეს 3 ტომი დაემატა - მასალები ადვოკატებს გადაეცათ, თუმცა მათ საგამოძიებო ორგანოში გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი, რაც ნიშნავს, რომ შინაარსზე მედიასთან ვერ ისაუბრებენ.

ადვოკატები განმარტავენ, რომ ახალ მასალებში მათი დაცვის ქვეშ მყოფების წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულებები არ დევს და გაუთქმელობაზეც ხელი სწორედ ამიტომ მოაწერინეს.

"არანაირი ჩვენება, არანაირი მოწმე, არანაირი ვიდეოგადაღება, დოკუმენტი არ არსებობს იმის, რომელიც დაადასტურებს, რომ ზ.ხ.-ს რაიმე შემხებლობა ჰქონდა შაქარაშვილთან და უფრო მეტიც, მან მიიღო მონაწილეობა შაქარაშვილის მკვლელობაში. ასეთი მსგავსი დოკუმენტი ამ საქმეში არ არის. კიდევ ვიმეორებ, პროკურატურამ შეგნებულად გადადგა ეს ნაბიჯი, რომ საზოგადოებას არ ენახა რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით შერაცხა ეს ბრალდება," - განაცხადა არასრულწლოვან ზ. ხ.-ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.

ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის განცხადებით კი, პროკურატურამ გამოსავალი იპოვა და საქმეში სახაზინო ადვოკატი ჩართო, რომელსაც მტკიცებულებები გადასცა და გაუთქმელობაზე ხელი მოაწერინა. 

"რეალურად ახალი არაფერი წარმოუდგენიათ, ამიტომ ბერკეტია, რომ როგორმე ჩვენ, ადვოკატებმა არ ვისაუბროთ იმაზე, რომ ახალი არაფერი წარმოუდგენია ბრალდების მხარეს. ჩვენ არ მოვაწერეთ ხელი და რც ვაპირებთ ხელის მოწერას. მიუხედავად ამისა, მათ "გამოსავალი" იპოვეს, რომ ჩართეს სახაზინო ადვოკატი. მას გადასცეს ეს მტკიცებულებები, ის გააფრთხილეს და უთხრეს, რომ არავითარ შემთხვევაში ამ საქმეებზე არ ისაუბრო. გაუთქმელობაზე ხელი მოაწერინეს და ჩვენც, ურჩი ადვოკატებიც მიგვანიშნეს, რომ ჩვენც არ უნდა ვილაპარაკოთ," - აღნიშნა არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისათვის ბრალი 5 პირს დაუმძიმდა.

დღის ამბები