09 აგვისტო 2020,   13:58
ვრცლად
სად გაქრა ოქროს მოწმის პერანგი, რომელზეც სისხლის ლაქაა - "კურიერმა" გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ჩვენებები მოიპოვა

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების 10-ტომიანი საქმე და 35 კაციანია სია, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას მცხეთაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ.

საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. სად გაქრა ოქროს მოწმის, ვახო ახვლედიანის პერანგი, რომელზეც სისხლის ლაქაა და რომელიც კარგად ჩანს გავრცელებულ ვიდეოკადრებში - ამ თემით "კურიერი" ჯერ კიდევ გუშინ დაინტერესდა. შაქარაშვილის თანხმლები პირის ადვოკატი "კურიერთან" ამტკიცებდა, რომ ახვლედიანმა ტანზე მხოლოდ იმიტომ გამოიცვალა, რომ სახლში დაბრუნება დახეული ტანსაცმლით არ სურდა.

საკუთარ ჩვენებაში ახვლედიანი პერანგის თაობაზე საერთოდ არ საუბრობს. "კურიერის" მიერ მოპოვებული საქმის მასალებით ირკვევა, რომ დაზარალებულის სახლიდან მხოლოდ ლურჯი ფერის შორტია ამოღებული, რომელიც მას შემთხვევის ღამეს ეცვა. ახვლედიანი გამოძიებას უყვება, რომ ავტობანზე მომხდარი პირველი დაპირიპირების შემდეგ კონსტანტინე ღიბრაძის (დიჯეის) კვალი დაკარგა. ორივე ინციდენტის ამოწურვის შემდეგ კი მეგობრის დახმარებით ქათამაძესთან ერთად თბილისში დაბრუნდა. თავის ჩვენებაში ის არ საუბრობს, რა დროს და რა მიზნით გამოიცვალა თეთრი პერანგი, რომელიც, მისი ადვოკატის ინფორმაციით, ჩხუბისა და გაქცევის დროს დაიხა. ახვლედიანის თქმით, ის კონსტანტინე ღიბრაძეს ინციდენტის შედეგ, თბილისში შეხვდა და შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ მხოლოდ დილით შეიტყო.

ვახო ახვლედიანი, დაზარალებული:

"მე უნდა მეკითხა გიორგი ქათამაძისთვის კონსტანტინე ღიბრაძე სად არის მეთქი, რა დროსაც იმავე ხიდზე უკანა მხრიდან დაგვეწია ავტომობილი. ..ისინი ვინც ავტომობილიდან გადმოვიდნენ მოგვსდევდნენ უკან და გვეძახდნენ, გაჩერდით, სად გარბიხართო და გვაგინებდნენ. მე ხიდზე როგორც კი გადავედი, იქვე ჩავუხვიე დაბლა ... დავიმალე ბუჩქებში, რა დროსაც საავტომობილო გზის მხრიდან დაახლოებით 10 წუთი მესმოდა ძახილის ხმა: "სად გაიქეცით, გამოდით" და თან გვაგინებდნენ. დაახლოებით, 10 წუთის შემდეგ ხმა შეწყდა, თუმცა, მე მაინც არ გამოვსულვარ ბუჩქებიდან, სადაც ვიმალებოდი დაახლოებით 35-40 წუთი,"-ნათქვამია ჩვენებაში.

ბრალდებულ ირაკლი წაქაძის ჩვენების მიხედვით დადასტურდა "კურიერის" ინფორმაცია, რომ დაპირისპირება აგარაკზე კონსტანტინე ღიბრაძის (დიჯეის) გამო დაიწყო. დაკავებული ფეხბურთელის ჩვენებაში არ ჩანს, რომ მას გურამ ამირხანაშვილმა დაურეკა და ავტობანის ინციდენტის შემდეგ მომხდარის შესახებ უამბო - როგორც ამას ოქროს მოწმე თავის ჩვენებაში ამბობს. წაქაძე განსხვავებულ ისტორიას ყვება

ირაკლი წაქაძე ბრალდებული:

"ლისზე წასვლის შემდეგ... ლუკა ბეჟანიშვილს დაურეკა ვახო ახვლედიანმა და უთხრა რომ "ის ნახალოვკელები" უკან დაბრუნდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ვახო ახვლედიანს, კონსტანტინე ღიბრაძეს და ქათამაძეს. ... ლუკა და საბას მეგობრებმა მცხეთიდან თბილისში ჩამოიყვანეს ვახო ახვლედიანი, კოკო ღიბრაძე, ქათამაძე. ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა რომ გურამ ამირხანაშვილს მოუხერხებია და ტაქსით წამოსულა სახლში. ... ქათამაძე წაიყვანეს ჩემი მანქანით საავადმყოფოში, ვინაიდან იყო ძალიან ნაცემი,"-ნათქვამია ჩვენებაში.

"კურიერმა" მოიპოვა იმ ბრალდებულის ჩვენაც, რომელიც, მოწმეების თქმით, ახალგაზრდებს რკინის ხელკეტით გაუსწორდა. რაგბის კლუბ "ყოჩების" მორაგბე და ასკანელის მწვრთნელი თავის ჩვენებაში ადასტურებს "კურიერის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გზაზე მყოფი ექვსეულის ადგილმდებარეობა იმ ორმა პირმა აცნობა, რომელიც მათ შორიახლოს გადაადგილდებოდა. ეს ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის ძიუდოისტის ჩვენებასთან, რადგან ტატიაშვილი ყვება, რომ ექვსი ახალგაზრდა თავისი მეგობრები ეგონა, სინამდვილეში კი მათ კარგად იცოდნენ, რომ ავტომაგისტრალზე შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები გადაადგილდებოდნენ. მორაგბე ჟვანია ადასტურებს, რომ სწორედ მას ჰქონდა 40 სანტიმეტრიანი რკინის ჯოხი, რომელიც მან დაპირიპირების დროს გამოიყენა.

ნიკა ჟვანია, ბრალდებული:

"გაჩერებისთანავე ყველანი გადმოვედით მანქანიდან, გადმოსვლისას მე ჩემი სავარძლის ქვემოდან ავიღე იქ არსებული დაახლოებით 40 სანტიმეტრიანი რკინის მილი, რომელიც მე მანქანაში ჩაჯდომისთანავე შევნიშნე იქ.
...მისვლისთანავე რკინის მილი მოვუქნიე ჩემთან ყველაზე ახლოს მდგარ მამაკაცს, მაგრამ მოხვდა თუ არა ეს რკინის მილი, ვერ ვიხსენებ.
...ჩემთან ერთად მყოფმა ნ.ც-მ და მისმა თანაკლასელებმაც მოირბინეს და დაუწყეს ცემა იმ პირს, რომელსაც მე რკინის მილი მოვუქნიე.
... გარკვევით დავინახე რომ ნ.ც. და მისი თანაკლასელები ცემდნენ მას. ასევე დავინახე, რომ მასთან ერთად მყოფ ჩემთვის უცნობ პიროვნებასაც სცემდნენ ნ.ც. და მისი თანაკლასელები,"-ნათქვამია ჩვენებაში. 

ნიკა ჟვანიას ჩვენების მიხედვით, მის გარდა ავტომობილის ყველა მგზავრი ფიზიკურად გაუსწორდა კონსტანტინე ღიბრაძეს და გიორგი ქათამაძეს. მისივე მტკიცებით, სისხლიან დაპირიპირებაში მონაწილეობა ნარაკვავში დარჩენილმა იმ ორმა პირმაც მიიღო, რომლებმაც ექვსეულის შესახებ ტელეფონით შეატყობინეს. ჩვენებაში დაკონკრეტებული არ არის, რა ფორმით იყო დაპირისპირებაში ჩართული ძიუდოში ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონი გიგა ტატიაშვილი.

ექსპერტიზები უტარდებათ იმ ავტომობილებსაც, რომლებიც შემთხვევის ღამის შედეგად გამოძიებამ ამოიღო. ასევე, იმ ტანსაცმელს, რომელიც ჩხრეკის შედეგად ბრალდებულებისა და მოწმეების სახლებიდან არის ამოღებული. ანაწმენდები აღებულია იმ მერსედესის მარკის ავტომობილიდანაც, რომელიც შემთხვევის ღამეს ანალოგიურ პერიმეტრზე გადაადგილდებოდა. თუმცა, ადვოკატი ამტკიცებს, რომ მგზავრებს დაბადების დღის წვეულების მონაწილეებთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ, ისინი მხოლოდ ერთ პირს იცნობენ და ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყვეს.

შაქარაშვილის თვისუფლების აღკვეთის საქმეში ასევე დევს საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგებიც. გარდაცვლილის ჩანთას, რომლიც გამომძიებლებმა გურამ ამირხანაშვილთან ერთად არაგვის პირზე - ერთ-ერთ სვეტზე იპოვეს, DNM-ის ანალიზი და სხვა სახის ექსპერტიზები უკვე უტარდება. კვლევის შემდეგ, შესაძლოა, გაირკვეს შეეხო თუ არა სხვა პირი დაღუპული ფეხბურთელის ხელჩანთას, რის შემდეგაც გამოძიებაში ახალი გარემოება გაჩნდება. ჩანთის გარდა, ოჯახი ამ დრომდე ელის ცხედრის ექსპერტიზის პასუხებს, რის შემდეგაც გაჩნდება მთავარ კითხვაზე პასუხი - მოკლეს თუ არა გიორგი შაქარაშვილი.

18 ივნისის ღამეს ფიზიკური დაპირიპირებისა და გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების საქმის მთავარი ფიგურანტების სია 35 კაციანია. აქედან, 14 მათგანი 2002 წელს არის დაბადებული. ეს დოკუმენტი 10 ტომიან საქმეში დევს. ამ სიიდან 17 პირი ბრალდებული სკამზე ზის და მომხდარის გამო 4-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

დღის ამბები