ოპოზიცია საპარლამენტო ცხოვრების აღდგენას ითხოვს. ისინი სწორედ დღეს ხედავენ მაღალ კორუფციულ რისკებს და მიიჩნევენ, რომ პარლამენტმა უნდა გააკონტროლოს ის ფული, რომელიც კორონავირუსის კრიზისის დროს ხალხისა და ბიზნესის დასახმარებლად გამოიყო.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე მოუწოდებს მთავრობას, აღადგინოს პარლამენტის ჩვეულ რეჟიმში მუშაობა და პარლამენტში განსახილველად საგანგებო ბიუჯეტი წარმოადგინოს.
"საქართველოს მთავრობამ ჩვენი 600 000 მოქალაქე, რომლებსაც თვითდასაქმებულებს უწოდებენ, გაწირა შიმშილისათვის. ამიტომ, პარლამენტმა უნდა იმსჯელოს საგანგებო ბიუჯეტზე, რომელიც დღემდე არ წარმოუდგენია მთავრობას. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობას, დაუყოვნებლივ დაიწყოს პარლამენტმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში, დაუყოვნებლივ დაიწყოს კომიტეტებმა მუშაობა, პარლამენტის სესიის პლენარულმა სხდომამ. დღეს ეს სავსებით შესაძლებელია იმ ნორმების დაცვით, რომელსაც ითვალისწინებს ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის წესები," - განაცხადა რომან გოცირიძემ.
იმავე აზრზეა "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძეც. დეპუტატი მიიჩნევს, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღდგეს პარლამენტის ზედამხედველობა იმაზე, თუ როგორ იხარჯება კრიზის დასაძლევად გამოყოფილი ფული.
"სწრაფად უნდა გატარდეს ეკონომიკური რეფორმების პაკეტი იმისთვის, რომ ეს კრიზისი იყოს დაძლეული. ამასთანავე, უნდა აღდგეს პოლიტიკური ცხოვრება, პარლამენტის მუშაობა, პარლამენტის ზედამხედველობა, თუ როგორ იხარჯება ეს ფული. ასევე, ის შეთანხმება, რომელიც არსებობს ხელისუფლებას, ოპოზიციას და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს შორის, უნდა შესრულდეს. შეთანხმება, რომელიც გულისხმობს, ერთი მხრივ, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, მეორე მხრივ საარჩევნო სისტემის რეფორმას. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა და ველოდებით, რომ ხელისუფლება ამ შეთანხმების თავის ნაწილს შეასრულებს,"- განაცხადა სერგი კაპანაძემ.
პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" მდივნის, გედევან ფოფხაძის თქმით, აუცილებელია ხელისუფლების ქმედებები გაკონტროლდეს იმისთვის, რომ სარგებელი ნახოს ხალხმა და არა კონკრეტულმა ჯგუფებმა.
"ასეთი კონიუნქტურული ქმედებები მაინც არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე. არ უნდა ვთქვათ, რომ ეპიდემიაა, სხვა პრობლემებია და მოდი ამას ყურადღებას ნუ მივაქცევთ და ხელისუფლებამ იხეიროს ამ ყველაფრით. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ამ ვითარებაში ხალხის ინტერესები წამოვიდეს წინა პლანზე და არა კონკრეტული ბიზნესჯგუფების, ან, თუნდაც სახელისუფლებო, პოლიტიკური ძალის,"- განაცხადა გედევან ფოფხაძემ
როდის განიხილავს საკოორდინაციო საბჭო, რომ საკანონმდებლო ორგანოც მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს, - ეს საკითხი, ჯერჯერობით, გაურკვეველია. ხელისუფლება ამ დროისთვის ასეთი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას ვერ ხედავს.