20 ოქტომბერი 2020,   16:26
ვრცლად
ქველმოქმედება, როგორც COVID 19-თან ბრძოლის ხერხი - მოქალაქეები ერთმანეთს უანგაროდ ეხმარებიან

ვირუსმა, რომელმაც მსოფლიო შეცვალა, ადამიანებს ქველმოქმედებისთვის უფრო მეტი დრო დაუტოვა. ქალაქის ქუჩები ცარიელია, თუმცა შეხვდებით მოხალისეებს, რომლებიც ეხმარებიან მათ, ვისაც ეს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება.

ქავთარაძის პირველ ნომერში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოებთან გამოკრული განცხადების ავტორი, ამირან ჩხიკვაძე ოჯახზე ორ პურს გასცემს და სამაგიეროდ არაფერს ითხოვს. კორონავირუსით შექმნილმა მდგომარეობამ 67 წლის მამაკაცს ერთკვირიანი ქველმოქმედებისკენ უბიძგა.

ყოველგვარი სარგებლის გარეშე ატარებს საკუთარი ქუჩების დეზინფექციას ახალგაზრდების ჯგუფი. მეგობრებმა კონტროლის ქვეშ ჯიქიასა და ვაჟა ფშაველას ქუჩები აიღეს. მოხალისეები ტერიტორიაზე სკვერებსა და ბანკომატებს ბაქტერიებისგან, საკუთარი ხელით შექმნილი სადეზინფექციო ხსნარით, უკვე კვირაზე მეტია, ყოველ ღამე ასუფთავებენ.

უკვე მეორე დღეა მეტროსადგურებთან შეხვდებით იმ ადამიანებს, რომლებიც პირბადეებს არიგებენ. როგორც ვირუსის გავრცელებისგან, ასევე მისგან თავის დასაცავად ახალგაზრდები გამვლელებს საკუთარი ხელით დამზადებულ პროდუქციას სთავაზობენ.

კორონავირუსთან ბრძოლაში ადამიანების დასახმარებლად საკონდიტროებიც ჩაებნენ. სუხიშვილის 19 ნომერში მდებარე საცხობის მფლობელებმა დღეს იმ ადამიანების დახმარება გადაწყვიტეს, რომლებიც საკუთარ საცხოვრებელს ვერ ტოვებენ.

ისინი, ვინც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს ითვალისწინებენ და თვითიზოლაციაში იმყოფებიან საზოგადოების განწყობის ამაღლებაზე სხვადასხვაგვარად ზრუნავენ. უკვე მესამე დღეა თიკო ბრეგვაძემ მამის ნაქონი პროექტორით გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსი კინოეკრანად აქცია. ცისფერი მთებისა და საქართველოს ჰიმნის შესრულების შემდეგ, გუშინდელი დღე იტალიის მხარდაჭერას დაეთმო. დღეს ესპანეთის ჯერია.

დღის ამბები