27 იანვარი 2021,   07:00
ვრცლად
მიხეილ კალანდიასთვის გამოტანილ განაჩენს სარალიძის ოჯახის ადვოკატები ეხმაურებიან

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოტანილ განაჩენს, რომლის თანახმადაც დავით სარალიძის მკვლელობისთვის მიხეილ კალანდიას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე სასჯელად 11 წელი და 3 თვე განესაზღვრა, სარალიძის ოჯახის ადვოკატები სამართლიანს და მოსალოდნელს უწოდებენ. ადვოკატები მიხეილ კალანდიას ოჯახს მოუწოდებენ, შვილმკვდარი მამის შეურაცხყოფა შეწყვიტონ.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის ალეკო ცქიტიშვილის თქმით, მსჯავრდებულს აქვს შესაძლებლობა, რომ გადაწყვეტილება გაასაჩივროს შემდეგ ინსტანციებში და სტრასბურგშიც, განსხვავებით შვილმოკლული მამისგან, რომელსაც შვილს ვეღარავინ გაუცოცხლებს:

"სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სამართლიანი და ეს გადაწყვეტილება იყო სრულიად მოსალოდნელი. მსჯავრდებულს აქვს შესაძლებლობა, რომ გაასაჩივროს სააპელაციო, უზენაეს სასამართლოებში ასევე სტრასბურგშიც, ეს განაჩენი, რაც დღეს დადგა.  ხოლო დაზარალებულს სამწუხაროდ ვერც თბილისის საქალაქო სასამართლო, ვერც სააპელაციო სასამართლო, ვერც უზენაესი სასამართლო და ვერც სტრასბურგი ვერ გაუცოცხლებს გარდაცვლილ შვილს, ამიტომ როდესაც აყენებენ დაზარალებულს შეურაცხყოფას, გაითვალისწინონ დაზარალებულის ემოციებიც," - განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

სარალიძეების ოჯახის ადვოკატის, ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტის ნესტან ლონდარიძის თქმით, გაუგებარია, რატომ მიიჩნევენ რომ მიხეილ კალანდია ციხეში პოლიტიკური მოტივებით მოხვდა:

"რას ვეძახით ჩვენ პოლიტიკურ პატიმარს? იმას რომ დანაშაულში მონაწილეობდა? იმას რას ვუზამთ, როდესაც კადრები არსებობს, როგორ ანადგურებენ მტკიცებულებებს და სადაც იყო გარეული მირზა სუბელიანი. სამწუხაროდ პროკურორები თავდაპირველად აკეთებდნენ კომენტარს, რომ თურმე მირზა სუბელიანს იმდენად არ ჰქონდა შემხებლობა საქმეში, რომ გამოკითხვაც კი არ იყო მასთან ჩატარებული,მაგრამ შემდეგ ხომ ყველამ კარგად დავინახეთ, რომ თურმე შემხებლობაში იყო. ეგ კი არა, არსებობს დოკუმენტი სადაც წერია, რომ მიხეილ კალანდიას მამა იმყოფებოდა უცნობ მამაკაცთან ერთად, ეს უცნობი მამაკაცი იყო მირზა სუბელიანი,"- განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

 

ავტორი: ლუკა ხაჩიძე

დღის ამბები