24 იანვარი 2021,   17:39
ვრცლად
თქვენი აჩქარება გამოწვეული ხომ არ არის მოახლოებული არჩევნებით? ხომ არ გაქვთ პოლიტიკური დავალება? - მამუკა ხაზარაძე მოსამართლეს მიმართავს

ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის საქმე, მოსამართლე გიორგი არევაძემ, არ აიცილა. მოსამართლისთვის არ იყო საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ მსაჯულის ობიექტურობა და კომპეტენცია კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო.

საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესი 3 შუამდგომლობით დაიწყო, მათ შორის მოსამართლე გიორგი არევაძის აცილებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

მეორე შუამდგომლობა იყო სასამართლო პროცესის გადადებასთან დაკავშირებით მანამდე, სანამ პროკურატურა თავის პოზიციას არ დააფიქსირებდა - მოხდა თუ არა რეალურად შეხვედრა გიორგი არევაძესა და გიორგი გახარიას შორის კანცელარიაში.

მესამე შუამდგომლობა შეეხებოდა სასამართლო პროცესებისადმი პოლიტიკურ ინტერესებს. დაცვის მხარის განცხადებით, ინტენსიურად ჩატარებული სასამართლო პროცესები მიუთითებს, რომ ეს არის პოლიტიკური მოტივით ჩანიშნული პროცესები. მოსამართლემ აღნიშნული შუადგომლობა გაითვალისწინა და შემდგომი 3 პროცესი დღის განრიგიდან ამოიღო.

"თიბისი" ბანკის დამფუძნებლები, მოსამართლე გიორგი არევაძეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან კავშირში ადანაშაულებენ და შიშობენ, რომ გადაწყვეტილება ფულის გათეთრების საქმეზე, შესაძლოა სწორედ პოლიტიკური მოტივით მიიღოს.

სასამართლო პროცესზე მცირე განცხადება გააკეთა თავად მამუკა ხაზარაძემაც. მისი თქმით, მიმდინარე გამოძიება ბიძინა ივანიშვილის ინტერესებშია და ეს პოლიტიკური მოტივით არის განპირობებული.

"ჩვენ ვაყენებთ შუამდგომლობას თქვენი აცილების შესახებ. ქართული სასამართლოს თითქმის 30 წლიან ისტორიაში, ჩვენი ინფორმაციით, არც ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მსგავსი ფორსირებული პროცესები არ ჩანიშნულა. როგორც ჩანს, ჩვენ ვართ ყველაზე მძიმე დამნაშავეები ამ 30 წლის განმავლობაში.

აქვე ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ საქმეში აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა გამოყენებული არ არის, შესაბამისად სასამართლოს არ აქვს კანონით მკაცრად განსაზღვრული დრო საქმის დასამთავრებლად, შესაბამისად ჩნდება კითხვა, რატომ ჩქარობთ? თქვენი აჩქარება გამოწვეული ხომ არ არის მოახლოებული არჩევნებით? ხომ არ გაქვთ პოლიტიკური დავალება?" - მიმართა მამუკა ხაზარაძემ მოსამართლეს.

დღის ამბები